წავიდა ის დრო, როცა გურიაში მწყერზე ნადირობის სეზონს აგვისტოდან მოუთმენლად ელოდნენ და ეგონათ, რომ მხოლოდ ამ პერიოდში შეეძლოთ მიერთვათ ქათმისებრთა ოჯახის ამ ყველაზე მცირე ფრინველის უგემრიელესი ხორცი. ახლა გურულები ცდილობენ, შინაური მწყერის ღუღუნი ოჯახშიც ისმოდეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში როლანდ ქიმუცაძემ მიწის მწყრის მოშენება გადაწყვიტა. ეს პატარა, ქათმისებრი ფრინველი, რომელიც დღეს პოპულარული გახდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, ცნობილია, რომ ხორცის გარდა, კვერცხსაც იძლევა, რომელიც დელიკატესად არის მიჩნეული.
_ მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი საქმიანობის დაწყება. თუმცა, ეს ჩემი შვილის, ოთარის წამოწყებაა. გავიგე, რომ მწყერზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და მცირე ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, თუმცა, არ ვიცი, როგორ შედეგს მივიღებ. რაც მთავარია, მცდელობას არ დავაკლებ, _ გვეუბნება ბატონი როლანდი.
აღსანიშნავია, რომ როლანდ ქიმუცაძე ინოვაციური წიაღსვლებით გამოირჩევა _ ერთი წლის წინ ის ჩვენი გაზეთის სტუმარი იყო. მის ოჯახში კალმახა სოკო მოიყვანეს და ამ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ.
როგორც ჩვენი მასპინძელი ამბობს, მწყერი მოყვანისთანავე ისეთივე ტიპის გალიაში მოათავსა, როგორშიც ქათმის წიწილებს ზრდის. ეს არის თვითნაკეთი, მოხერხებული სამწყერე, როგორც თვითონ ამბობს. გალია დადგმულია სახლთან მოშორებით, მყუდრო ადგილზე.
როლან ქიმუცაძის თქმით, მწყერი ვერ იტანს ზედმეტ ხმაურს და ასევე ზედმეტად მაღალ ან დაბალ ტემპერატურას _ ძირითადად, 20 გრადუს სითბოში გრძნობს თავს კარგად. ამიტომ, სწორედ ეს ფაქტორი უნდა აკონტროლოს. ასევე მნიშვნელოვანია საკვები. მწყერი, ისევე როგორც ქათმის წიწილა, კარგად მიირთმევს დაღერღილი სიმინდისა და პურის მარცვალს, ასევე _ ბალახსაც.
მოყვარული მეურნე იარუსებიანი გალიის გაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან 30 მწყერი ჰყავს და ამ ეტაპზე დაკვირვებას ახდენს, რას იზამს მწყერი, როგორ შეეგუება გარემოს და შემდგომში რაოდენობის გაორმაგებაზე იზრუნებს. შვილი, ოთარი ამბობს, რომ მალე 100 ფრთის მოყვანას აპირებს, თუმცა, მამა ფრთხილობს, ვაითუ არ გაამართლოსო.
_ ყველაფერი გამოცდილებაა. რთული არ იქნება მწყერის მოვლა, მით უფრო, ქათმები ბლომად მყავს და მოვლის მხრივ თითქმის იგივე მზრუნველობა სჭირდება. როცა მუღამს გავუგებ, ვეცდები გავაფართოვო ჩემი საქმიანობა, _ გეგმავს ბიზნეს-მომავალს ჩვენი მასპინძელი და სულმოუთქმელად ელის, როდის ეყოლება კრუხი მწყერი, რომელიც მერე პატარა ლაპებს დაჩეკავს და გამრავლების საქმეც წინ წაიწევს.
წარმატებას ვუსურვებთ ქიმუცაძეებს და ვიმედოვნებთ, სამომავლოდ მათი გამოცდილება ბევრ დაინტერესებულ მეურნეს გამოადგება.