ძალიან მომწონს დიდ ვარდისფერ თაიგულად აყვავებული ბუჩქი, რომელსაც ჩვენში ზოგი იელსაც ეძახის. ასევე, მომწონს ლურჯმტევნებიანი ხვიარა ყვავილი, რომელიც ადრე გაზაფხულზე ჰყვავის. მსურს, ამ უკანასკნელით გავაკეთო ფანჩატური. როგორ მრავლდება და ადვილად ხელმისაწვდომია თუ არა ნერგები?
მაია ნაკაიძე, სოფელი ნატანები
ტურფა აზალია და ჩინური იასამანი
როგორც მივხვდით, საუბარია უმშვენიერეს მარადმწვანე ბუჩქოვან ყვავილზე, რომელსაც აზალია ჰქვია. ის ჩვენში, განსაკუთრებით გურიასა და აჭარაში კარგად გავრცელებული და გარემოს შეგუებული მცენარეა. ის არსებობს როგორც ქოთნის, ისე _ ბაღში დასარგავი. ათასობით სახეობათაგან ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებულია ვარდისფერი და თეთრი. ასევე, არსებობს წითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ხუჭუჭა ფორმის ყვავილებიანი, ჯუჯა და სხვა სახეობები.
აზალია ჩვენში გაზაფხულზე ადრიანად ჰყვავის და ეზოებს, საზოგადოებრივ პარკებსა და სკვერებს განუმეორებელ ელფერს ანიჭებს. მოყვარულ მებაღეთა გარკვეულ კატეგორიას ძალიან მოსწონს ბუჩქოვანი ყვავილები. ბევრი მიიჩნევს, რომ აზალიას ენერგეტიკული და სიცოცხლისუნარიანობის გამაძლიერებელი იდუმალება გააჩნია. აზალიას მჟავე ნიადაგი უყვარს, რაც გურიის პირობებში ზედგამოჭრილია. კარგად ეგუება ნაკელის შემოყრას, რადგან მჟავე რეაქციისაა. ადვილად ხარობს გადარგვის შემდეგ. მთავარია, ბუჩქის ფესვთან ფრთხილად ჩავჭრათ მისი გარკვეული ნაწილი და ჩავრგოთ ნაკელით განოყიერებულ ორმოში. გვალვიან პერიოდში თუ ზოგადად, მორწყვისას, ახალი ნერგი განსაკუთრებით, მიზანშეწონილია მოვრწყოთ ლიმონის წვენით გაჯერებული წყლით.
აზალიას მოყვარულთა რიცხვი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება. გირჩევთ, დარგოთ ისეთ ადგილზე, სადაც მზე კარგად აღწევს. ნუ დარგავთ სახლთან ახლოს და ნურც სხვა რომელიმე ერთწლოვან ყვავილებს დაურგავთ გვერდით, რადგან აბრდღვიალებული აზალია უმეტესად სხვის სილამაზეს "შთანთქავს". უმჯობესია, მასთან შორიახლო დავრგოთ მსგავსი მრავალწლიანი ყვავილოვანი ბუჩქი, რომელთა მრავალი სახეობა არსებობს ჩვენში.
რაც შეეხება მტევნებიან ჩინურ იასამანს, ის ადვილად გასამრავლებელია, იკეთებს მრავალ ამონაყარს, რომელიც ადვილად ხარობს გადარგვის შემდეგ. რაც სასურველი არ არის, მისი დარგვა არაა მიზანშეწონილი ღობესთან, კიბესთან ან ნაყოფიერ ხესთან ახლოს, რადგან სწრაფად იზრდება, ეხვევა ყველაფერს და სულ ადვილად წააქცევს ღობეს, დააზიანებს კიბის მოაჯირებს, ხეს კი "დაახრჩობს". ამიტომ სასურველია, ფანჩატურისთვის გაკეთდეს სპეციალური დგამი, რკინის ან ხის ბოძები და მასზე მივმართოთ ყვავილის ღეროები. ასე მართლაც საოცარი სილამაზის დაკიდულ ლიანებს მივიღებთ, რაც საოცრად გალამაზებს ჩვენს გარემოს და აამაღლებს განწყობას.
მარინა სუნგულია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი