საქართველოში კოღოების და სხვა მწერების გააქტიურებასთან ერთად, ცხვარში (ძირითადად მოზარდი 2-10 თვემდე) თავი იჩინა დაავადებამ, რომელიც კლინიკური ნიშნებით გავს ეპერითროზოონოზს, შეიძლება იყოს ანაპლაზმოზიც, რის დასადგენად სასურველია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. თუმცა, ხშირად ფერმერები ლაბორატორიულ კონტროლს ნაკლებად მიმართავენ. ამდენად, დიაგნოსტირებამდე გთავაზობთ მკურნალობისა და პროფილაქტიკის გარკვეულ სქემას და რეკომენდაციებს.
ეპერითროზოონოზი სისხლის პარაზიტული დაავადებაა, ხასიათდება მწვავე და ქვემწვავე მიმდინარეობით, ანემიით, წონაში ჩამორჩენით, სიგამხდრით. ახასიათებს პერიოდული ციებ-ცხელება (იგივე ახასიათებს ანაპლაზმოზსაც), ძირითადად ავადობენ მოზარდები. პირველი სიმპტომების დროს ტემპერატურა იწევს 40.5-დან 41.10C- მდე, რომელიც გრძელდება 3-4 დღე მუდმივად ან მონაცვლეობით. შეიძლება ზრდასრული ცხვარიც დაავადდეს. დაავადებულებს შორის სიკვდილიანობა არის 10%-მდე, თუმცა ზარალი დიდია, რადგან ცხვრის წონა და სანაშენე და სამეურნეო ფასეულობები მნიშვნელოვნად იკლებს. ამასთან, დაავადებაგადატანილები ადვილად ითვისებენ სხვა დაავადებებს. ინფიცირების წყაროა ავადმყოფი ან ნაავადმყოფარი ცხოველი. გადამტანები არიან: კოღოები, ბუზები, ტკიპები. დაავადება ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ეპერითროზოონოზი ხშრად მიმდინარეობს პნევმონიის, თეთრკუნთოვანი და პარაზიტული დაავადებების თანხლებით. ჰგავს ცხვრის ანაპლაზმოზის, ბაბებიოზის დაავადებას. დაავადების წამყვანი ნიშანია ანემია, სიგამხდრე.
სისხლის დაბინძურების შემთხვევაში, ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-5-დან 20 დღემდე. ცხვრის ტანზე ტკიპის გაჩენიდან პარაზიტები სისხლში გამოვლინდება ერთი კვირიდან 2 კვირამდე ან უფრო მეტი ხნის შემდეგ.
მკურნალობის დროს გამოიყენეთ პიროტექსი B12 ან მისი ანალოგი პრეპარატები 3,5 მგ/კგ ც.წონაზე ინტერვალით 24-48 საათი, დამატებით კობალტის შემცველი პრეპარატი. ანაპლაზმოზის მკურნალობისთვის ვაკეთებთ ანტიბიოტიკს, მაგალითად, ოქსიტეტრაციკლინ-200, პრიმაფულს ან მსგავსი ოქსი და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს. კუნთში პიროტექსი B12-ის შეყვანიდან, 24-48 საათში, სისხლში, ეპერითროზოონები ქრება. ანაპლაზმოზზე ამ ტიპის პრეპარატები არ მოქმედებენ, ამიტომაც ვაკეთებთ დამატებით ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს.
დაავადების რომელიმე ნიშნის გამოვლენისთანავე მიმართეთ ვეტექიმს. დიაგნოსტიკა ტარდება ეპიზოოტიური, კლინიკური და პათმორფოლოგიური მონაცემების საფუძველზე. ზუსტი დიაგნოზის დადგენისათვის სასურველია ლაბორატორიული ანალიზი.
პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხვრის პარაზიტების საწინააღმდეგო გაბანვა, რომ დაავადება არ გავრცელდეს მექანიკური გზით, სისხლის აღების დროს, ვაქცინაციის ან სხვა ქირურგიული მანიპულაციისას, დაიცავით ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები.
დროული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი დადებითია.
ეს დაავადება ასევე გვხვდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვშიც და ღორშიც.
მიხეილ ჭიჭაყუა, ასოციაცია "მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი
დარეკეთ ჩვენს"ცხელ ხაზზე": 597915367