თანამედროვე ქალების უმრავლესობა შონ კონერის ჯონი დეპს ამჯობინებს. ისინი უფრო „ქალურ“ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას.
სწავლულთა აზრით, საუკუნეების განმავლობაში ქალები ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობისთვის ზრუნავდნენ. ამიტომ, ისინი პარტნიორებად ირჩევდნენ მამაკაცებს დაბალი შუბლით, კვადრატული ნიკაპით და თხელი ტუჩებით, რადგან მხოლოდ ასეთ მამაკაცებს შეეძლოთ უზრუნველეყოთ ბავშვები „მაღალი ხარისხის“ გენებით. ცხოვრების დონის, ტექნიკის, მედიცინის განვითარების შედეგად ვაჟკაცური ნიშნით ცხოვრების თანამგზავრის არჩევა აღარ არის აუცილებელი. ამიტომ, ბუნებრივია, ქალებს უფრო რბილი და ნაზი პარტნიორები იზიდავთ.
აბერდინის უნივერსიტეტის სწავლულებმა გამოჰკითხეს 16-დან 40 წლამდე ასაკის 4 500 ქალი 30 ქვეყნიდან. თითოეულ მათგანს უნდა ამოერჩია ერთი და იგივე მამაკაცის ორი ფოტოსურათიდან ერთ-ერთი: „ფოტოშოპის“ დახმარებით ერთი სურათი იმგვარად იყო დამუშავებული, რომ მასზე გამოსახული სახე მეორეზე გაცილებით ვაჟკაცური და მკაცრი ჩანდა.
იმ ქვეყანაში მცხოვრებმა ქალებმა, სადაც ჯანდაცვა კარგად არის განვითარებული, დაუფიქრებლად მიანიჭეს უპირატესობა მამაკაცის გარეგნობის ქალურ ვარიანტს.
მაგალითად, შვედეთის ქალთა 68 პროცენტმა აირჩია, მამაკაცის სახის „ნაზი“ ვარიანტი, აგრეთვე მამაკაცის სახის „ქალური“ ვარიანტი აირჩია 10 ბრიტანელიდან 6-მა. ბრაზილიელი ქალების უმრავლესობამ კი, სადაც ჯანდაცვა არც ისე კარგადაა განვითარებული, უპირატესობა უხეში სახის მამაკაცს მიანიჭა.