"ბაღების გაერთიანების" უფროსის ეკა ნინიძის განცხადებით, ეს იყო პანიკა, რადგან მისივე თქმით, ქალაქის ყველა ბაღი მოიარა და არსად არ იყო ხანძარი.
112-ში ზარის განმახორცილებელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მედეა ღლონტი აღმოჩნდა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ასე ხსნის:
"ვიყავი ძველ ბაზარში. იქ, შესასვლელში, ერთ-ერთმა ქალმა ატეხა კივილი, ბაღები იწვის თურმეო. ატყდა პანიკა _ ჯერ იძახდნენ, სასამართლოსთან რომ ბაღია, ის იწვისო, მერე თქვეს, პოლიციის წინ რომ ბაღია, ისო. შემდეგ ვიღაცამ თქვა, აბრეშუმის ჩაის ფაბრიკის ბაღი იწვისო. ვერავინ ვერ მოიფიქრა, რა უნდა გაეკეთებინათ. ავდექი და დავრეკე 112-ში. რომ გავაცნობიერე, რა ტრაგედია შეიძლებოდა მოჰყოლოდა ხანძარს, უცებ ეს მოვიფიქრე. მთელი დღე მირეკავს პოლიცია _ ისე ვინერვიულე, ცუდად გავხდი. ისედაც წნევიანი ვარ, გული მაწუხებს. ადამიანური ვალდებულება მოვიხადე და კინაღამ მე დავრჩი მტყუანი. პატრულმა მითხრა, კი, მაგრამ, ქალბატონო თუ ხანძარი იყო, ბაღის მენეჯერი ვერ დარეკავდა, თქვენ რატომ დარეკეთო? ხომ შეიძლება ისე უცებ მოხდეს ტრაგედია, ვერ მოასწროს მენეჯერმა დარეკვა? უცებ გამახსენდა ქობულეთის ფაქტი, ბავშვები რომ დაიწვნენ სასტუმროში" _ თქვა "გურია ნიუსთან" მედეა ღლონტმა.