შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ისა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულის ავტოსადგურში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისა გ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ამანათის გაგზავნას აპირებდა. პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საკვებ პროდუქტში გადამალული 57,191 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 19,6549 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ისა გ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).