ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარმოადგინა.
ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები შევლენ.
საბჭოს ძირითადი ფუნქცია საგანგებო პროკურორის დანიშვნა, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობისა და პარლამენტისთვის წინადადებით მიმართვა იქნება.
ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს გარდა იქმნება საპროკურორო კონფერენციაც, რომელიც საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას წარმოადგენს. კონფერენციის უფლებამოსილება იქნება საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების არჩევა.
_ ცვლილებების თანახმად, სამი ახალი ინსტიტუტი_ საპროკურორო საბჭო, პროკურორთა კონფერენცია და საგანგებო პროკურორი შემოდის. ეს ინსტიტუტები მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საქმეში იქნებიან ჩართული. ეს პროცესი იქნება ძალიან დემოკრატიული და გამჭვირვალე, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით _ აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
კანონპროექტით მთავარი პროკურორი თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნება და აიკრძალება აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა. ცვლილებების გაცნობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
წარმოდგენილი ცვლილებების შეჯამებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზე გაამახვილა. ეკა ბესელიას განცხადებით, გარკვეული საკითხები პასუხის გაცემას და გამოსწორებას საჭიროებენ.
„კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები დასკვნაში აისახება და მათი გათვალისწინებით და გაზიარებით კომიტეტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება კომიტეტის წევრებმაც გაიზიარეს და აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს.