განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებაზე მუშაობს, რომლითაც სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალება მიეცემა, თვითონ განსაზღვრონ, თუ ვინ უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი. კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განმარტებით, დირექტორი ღია კონკურსის წესით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა, ხოლო არჩეულ პირს თანამდებობაზე დანიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
კიღურაძის განმარტებით, "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონით, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 23 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის არჩევის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს, რაც მისივე თქმით, სრულ თანხმობაში იყო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპთან. კიღურაძის თქმით, 2011 წლის 27 თებერვალს კანონში შეტანილი ცვლილებით გაუქმდა დირექტორის არჩევითობა.
„სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს მიეცა პრემიერთან შეთანხმებით დაწესებულების დანიშვნის უფლებამოსილება, რითაც, ფაქტობრივად, გამოირიცხა დირექტორის შერჩევის პროცესში დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომელთა მონაწილეობა. კანონში ცვლილების შეტანა გამოწვეულია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისთვის წართმეული ავტონომიის დაბრუნების აუცილებლობიოთ“ , – განაცხადა ივანე კიღურაძემ.