2015 წლის ივლისში საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები1, რომელთა უმეტესობა 2011 წელს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა განახორციელა. საორგანიზაციო კომიტეტმა ჯამში 700-ზე მეტი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის საჭირო ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს „სპორტმშენსერვისი“ უზრუნველყოფდა, რომელმაც საწყლოსნო და ხელბურთის სპორტის სასახლეების მშენებლობისთვის დაახლოებით 39.4 მლნ ლარი დახარჯა. ამასთანავე, 2015 წლის აპრილში ფონდმა „ქართუმ“ ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მერიას 10 მლნ ლარი გამოუყო.
კვლევისას რამდენიმე პრობლემა და საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. კერძოდ:
ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი გამარტივებული შესყიდვების და არა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა, რაც სახელმწიფოს თანხების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა.
საქართველო რომ ამ ფესტივალს უმასპინძლებდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ბოლოდან იყო ცნობილი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ მოხდა მსხვილი შესყიდვების განხორციელება კონკურენტული ტენდერების გზით.
უკეთესი დაგეგმვისა და შესყიდვების კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელების პირობებში, შესაძლოა, არ დამდგარიყო დამატებითი ფინანსების მოზიდვის საჭიროება. ამგვარად, ფონდი „ქართუს“ მიერ ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა შესაძლოა საჭირო არც გამხდარიყო.
იმ კომპანიების ნაწილს, რომელსაც 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაუფორმდა, მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში არ ჰქონია მონაწილეობა მიღებული.
აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა მაინცდამაინც ეს კომპანიები, რადგან სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელ კომპანიებთან მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმება ერთგვარი რისკია.
ერთ შემთხვევაში მსხვილი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც კონტრაქტის გაფორმებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა, თუმცა ეს ხელშეკრულება მალევე გაუქმდა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რა ნიშნით შეირჩნენ გამოუცდელი კომპანიები და საჯარო გახადოს მათი შერჩევის პროცესის ამსახველი დოკუმენტები, ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში.
ფესტივალისთვის განხორციელებული ზოგიერთი შესყიდვის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. შედეგად, საეჭვოა, რამდენად მოესწრება ზოგიერთი ობიექტის დასრულება ფესტივალის დაწყებამდე.
ამ შესყიდვების განხორციელება 2014 წლიდან დაიწყო. როგორც უკვე ითქვა, ფესტივალის ჩატარების შესახებ საქართველოსთვის 2010 წლის ბოლოდან არის ცნობილი. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება მომავალში უფრო დროულად უნდა მოხდეს.
I. საორგანიზაციო კომიტეტის შესყიდვები
2011 წელს თბილისის მთავრობამ არასამეწარმეო იურიდიული პირი (აიპ) „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი“ დააარსა, რომელიც ფესტივალის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. საორგანიზაციო კომიტეტმა დაახლოებით 62 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელა.
2013 წლის დეკემბრიდან დღემდე საორგანიზაციო კომიტეტმა ტენდერების საშუალებით დაახლოებით 14 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვები განახორციელა. ამ გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით ტენდერების მიმდინარეობისას შემოთავაზებული ფასების კლების შედეგად უწყებამ 4 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა მოახერხა.
ამავდროულად, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აპრილამდე კომიტეტმა 31.1 მლნ ლარის, 6.1 მლნ ევროსა და 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები გააფორმა, რაც კომიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების დაახლოებით 75%-ია. გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში სახელმწიფო უწყება ტენდერის გამოცხადების გარეშე აფორმებს ხელშეკრულებას მისთვის სასურველ მიმწოდებელთან.
შესყიდვების უმეტესი ნაწილი მთავრობის ნებართვით განხორციელდა და თანხების უმეტესობა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვებისას, ანუ მაშინ, როდესაც ხელშეკრულებები პირდაპირ, კონკერენტული შერჩევის პროცედურის გარეშე ფორმდებოდა, უმეტეს შემთხვევაში, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მიმწოდებლის შერჩევა. კიდევ უფრო მეტ შეკითხვას აჩენს ისეთი შემთხვევები, როდესაც მსხვილი ხელშეკრულებები ახლადდაარსებულ ან სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელ კომპანიებთან ფორმდება.
კომიტეტმა ხელშეკრულებები პირდაპირ გააფორმა რამდენიმე ისეთ კომპანიასთან, რომლებსაც ამ დრომდე არ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში. წარმოგიდგენთ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გამარტივებულ შესყიდვებს, რომელთა ღირებულებაც 50 000 ლარს აღემატება და რომელთა მიმწოდებელი კომპანიებიც ნაკლებად გამოცდილები არიან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მხრივ:
შპს „ჯი-ემ-სი” 2015 წლის 24 მარტს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ზარიაშვილია. ზარიაშვილზე სხვა კომპანია არ არის რეგისტრირებული. 2015 წლის 6 აპრილს საორგანიზაციო კომიტეტმა ამ კომპანიას 597 789 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის. 2015 წლის 15 აპრილს ეს ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ვინაიდან კომპანია სულ ორი კვირის შექმნილი იყო, ბუნებრივია, ამ ხელშეკრულებამდე მას სახელმწიფო შესყიდვის არც ერთი კონტრაქტი არ ჰქონია მოგებული. კომპანიას არ აქვს ვებგვერდი და ონლაინ წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. საინტერესოა, რომ საორგანიზაციო კომიტეტს იგივე მომსახურება მას შემდეგ აღარ შეუსყიდია;
შპს „ჯი-სერვისი“ 2014 წლის 6 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 13%-იანი წილის მფლობელი თამარ რეხვიაშვილია. დანარჩენ წილებს ბესიკ ბუცხრიკიძე (67%) და გრიგოლ ბელთაძე (20%) ფლობენ.
2015 წლის 24 აპრილს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა „ჯი-სერვის“-თან ავეჯის მიწოდებაზე 270 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, 5 მაისს კი – დამატებით 167 979 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი. კომპანიას ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო შესყიდვა არ ჰქონია მოგებული, თუმცა იგი ტენდერებში მონაწილედ რამდენჯერმე დაფიქსირდა.
შპს Feshion Style 2013 წლის 12 აპრილს დაარსდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მაგდანა ჯოხაძეა. 2015 წლის 29 აპრილს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური ცეცხლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებული კონცერტების ჩასატარებლად ამ კომპანიასთან 493 668 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიისთვის ეს პირველი სახელმწიფო შესყიდვაა. სხვების მსგავსად, არ იძებნება კომპანიის ვებგვერდი და ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ატვირთული ფასთა გამოკითხვის ან შერჩევის რაიმე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოუცდელი კომპანიის არჩევას დაასაბუთებდა.
შპს „ჯენერალ ბიზნესი“ 2013 წლის 20 სექტემბერსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ერეკლე კახნიაშვილია, მისი მფლობელები კი გიორგი კაციტაძე (50%) და ნუგზარ ფეიქრიშვილი(50%) არიან.
დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსი „მოხალისის“ სამშენებლო სამუშაოებისათვის 2014 წლის 1 ივნისს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით ამ კომპანიასთან 214 247 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შპს „ჯენერალ ბიზნესსაც“ მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. კომპანიას არ აქვს ვებგვერდი და ონლაინ არ იძებნება ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ატვირთული ფასთა გამოკითხვის ან შერჩევის რაიმე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოუცდელი კომპანიის არჩევას დაასაბუთებდა.
შპს „ინდექს ჯორჯია“ 2012 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და წილების 100%-ის მფლობელი ალექსანდრე მახარაძეა. კომპანიამ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან ჯამში 116 804 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება გააფორმა.
იქამდე კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ატვირთული ფასთა გამოკითხვის ან შერჩევის რაიმე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოუცდელი კომპანიის არჩევას დაასაბუთებდა.
შპს Sterling Advertising 2011 წლის 15 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ზვიად მაისაშვილია, რომელიც წილების 75%-საც ფლობს. დანარჩენი 25% დარეჯან ჩაჩიბაიას საკუთრებაა. 2014 წლის 16 დეკემბერს კომპანიამ სარეკლამო მასალის ტელეეთერში განთავსების მომსახურებისთვის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან 43 500 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიას მანამდე არ აქვს მონაწილეობა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში. არ იძებნება კომპანიის ვებგვერდი ან ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ატვირთული ფასთა გამოკითხვის ან შერჩევის რაიმე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოუცდელი კომპანიის არჩევას დაასაბუთებდა.
შპს „ვილა არტი“ 2006 წლის 24 მაისს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რამაზ ჯაშიაშვილია. შპს „ვილა არტს“ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა 2014 წლის 7 ივლისს დიღმის საცდელ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის 6.4 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმა. შპს „ვილა არტი“-საც მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
კომპანიას არ აქვს ვებგვერდი და ინტერნეტში არ იძებნება ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის ატვირთული ფასთა გამოკითხვის ან შერჩევის რაიმე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოუცდელი კომპანიის არჩევას დაასაბუთებდა.
"საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ასეთი დიდი რაოდენობით გამარტივებული შესყიდვების განხორციელება და რა ნიშნით შეირჩნენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში.
II. შპს „სპორტმშენსერვისის“ პროექტები
სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს „სპორტმშენსერვისი“ 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის საწყლოსნო და ხელბურთის სპორტული კომპლექსების მშენებლობას ახორციელებს. ეს მშენებლობები 2015 წლის თებერვალსა და მარტში უნდა დასრულებულიყო,
თუმცა მათი დასრულების ვადამ არაერთხელ გადაიწია, რაც ბადებს შეკითხვებს თუ რამდენად მოესწრება ამ ობიექტების მშენებლობა ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ შპს „სპორტმშენსერვისის“ ვებგვერდზე, უმეტეს შემთხვევაში, მოცემულია ინფორმაცია კომპანიების შერჩევის პროცედურებზე, რაც მისასალმებელია. შერჩევის მთავარ კრიტერიუმად ყველა შემთხვევაში ფასია წარმოდგენილი.
საწყლოსნო სპორტული კომპლექსი
აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „სპორტმშენსერვისი“ საწყლოსნო სპორტულ კომპლექსს აშენებს. აუზის პროექტი შპს „სტუდია არსიმ“ მოამზადა. ამისათვის, 2014 წლის 14 იანვარს კომპანიასთან 95 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. მომსახურების მიწოდება სამ ეტაპად, ჯამში 105 კალენდარულ დღეში უნდა მომხდარიყო, თუმცა 35 დღით გადაიწია.
კომპლექსის პროექტის დამტკიცების შემდეგ მისი მშენებლობისთვის შპს „ელ ჯორჯია“ შეირჩა, რომელმაც, ორგანიზატორების თქმით, ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა.
2014 წლის 19 ივნისს შპს „სპორტმშენსერვისმა“ „ელ ჯორჯიასთან“ საცურაო აუზის მშენებლობისთვის ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, 8.9 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოს მიწოდების საბოლოო ვადა 2015 წლის 28 თებერვლით განისაზღვრა.
2015 წლის იანვარში კომპანიასთან შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ვადამ 2015 წლის 30 აპრილამდე გადაიწია. 2015 წლის 22 აპრილს კი ობიექტზე კომუნიკაციების სისტემის არარსებობის გამო ვადამ 2015 წლის 15 ივნისამდე გადაიწია.
2014 წლის 26 სექტემბერს აუზის დასრულების სამუშოებისთვის ისევ „ელ ჯორჯიას“ დამატებით 4.8 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. ამ შემთხვევაში შერჩევის რაიმე პროცედურაზე ინფორმაცია განთავსებული არ არის. ამ ხელშეკრულების მიწოდების ვადა 2015 წლის 30 აპრილით განისაზღვრა. აპრილში კი ხელშეკრულების მიწოდების ვადამ 2015 წლის 15 ივნისამდე გადაიწია.
ახალი სპორტის სასახლე
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის შენობასთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე, რომელშიც ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ხელბურთის მატჩები უნდა გამართულიყო, შესაძლოა, დროულად არ მოესწროს. 18 მაისს საორგანზიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგანაც გაურკვეველია მოხერხდება თუ არა ობიექტის დასრულება, გადაწყვეტილია შეჯიბრები ახალ სპორტის სასახლეში არ გაიმართოს. ამ ობიექტის მშენებლობაზეც შესყიდვა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულმა კომპანიამ შპს „სპორტმშენსერვისმა“ განახორციელა.
კომპანიამ რამდენი სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან შპს „ლაინკუბის“ პროექტი შეარჩია და 2014 წლის 7 მაისს კომპანიასთან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვაზე 95 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 20 აგვისტოს უნდა ჩაბარებულიყო. კომპანიასა და შპს „სპორტსმშენსერვისს“ გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, მიწოდების ვადამ ჯამში 34 დღით გადაიწია, თუმცა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე ატვირთული არ არის, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის მიეწოდა პროექტი შემსყიდველს.
კომპლექსის პროექტის დამტკიცების შემდეგ მისი მშენებლობისთვის შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი“ შეირჩა, რომელმაც, ორგანიზატორების თქმით, ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. „სპორტმშენსერვისმა“ ამ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის სამი ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 25.5 მლნ. ლარის ღირებულების.
5.5 მლნ ლარის ღირებულების პირველი ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების შესრულების ვადა 2015 წლის 15 მარტით განისაზღვრა. ვებგვერდზე მოგვიანებით ატვირთულ შეთანხმებაში კი სამუშაოს მიწოდების ვადამ 2015 წლის 30 აპრილამდე გადაიწია.
ამასთანავე, პირველადი ხელშეკრულებით, კონტრაქტის ღირებულების 20% კომპანიას მას შემდეგ უნდა მიეღო, როდესაც სამუშაოთა სრულ შესრულებაზე წარმოდგენილი იქნებოდა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა. იმ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ვადამ გადაიწია, ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა.
2014 წლის 31 დეკემბერს, იმავე ობიექტის დასრულების და მოპირკეთების სამუშაოებისათვის „ელექტრო მონტაჟ სერვისს“ უკვე 11.9 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმდა. სამუშაოების დასრულების ვადა 31 მაისით განისაზღვრა. 2015 წლის მაისში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მიწოდების ვადამ 15 ივლისამდე გადაიწია, ანუ ფესტივალის დაწყებამდე 11 დღით ადრე.
2015 წლის 16 აპრილს შპს „სპორტმშენსერვისსა“ და შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისს“ შორის სპორტული კომპლექსისთვის შესაბამისი აღჭურვილობა/ინვენტარის შეძენისა და მონტაჟისათვის (არა მხოლოდ ხელბურთის კომპლექსისთვის, არამედ დიღომში მშენებარე წყალბურთის კომპლექსისთვისაც) 894 590 ევროს ღირებულების მესამე ხელშეკრულება გაფორმდა. მომსახურების მიწოდების ბოლო ვადა 20 ივნისია.
მასში გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტის, საწყალოსნო კომპლექსისთვის ე.წ. „ვიდეო სკრინის“ მიწოდების ვადა 2015 წლის 20 ივლისია, ანუ ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე 6 დღით ადრე.
"ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა ძირითადად სამი სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს, კერძოდ: (1) ელექტრონული ტენდერი, რომელიც ცხადდება 200,000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში; (2) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც ცხადდება 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში; (3) გამარტივებული შესყიდვა, რასაც საჯარო დაწესებულება 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში მიმართავს ან მაშინ, როდესაც რაიმე საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა.
2014 წლის განმავლობაში ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით (განხორციელებული ტენდერების და კონკურსების მეშვეობით) 241,132,563 ლარი დაიზოგა, რაც ჯამური სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 12%-ს შეადგენს" _ აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.