სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა", რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, დასასრულს მიუახლოვდა. მიწის დამუშავება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობდა და ქვეყნის მასშტაბით უკვე 182 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთია მოხნული.
ხვნის სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "მექანიზატორი" და 105 კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. ამ დროისთვის კი, მიწის დამუშავების საგაზაფხულო პროცესი თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონები, სადაც სამუაშაოები დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება.
შპს "მექანიზატორის გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საშემოდგომო სამუშაოები დაიწყება.
"დღეის მდგომარეობით 182 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთია მოხნული მთელს საქართველოში. აქედან 66 ათასი ჰექტარი შპს "მექანიზატორმა", 27 ათასი _ კონტრაქტორმა კომპანიებმა, დანარჩენი კი ბენეფიციარებმა თავად დაამუშავეს, რის სანაცვლოდაც მათ პროგრამის ფარგლებში კუთვნილი მიწის შესაბამისი სარგებელი აგრობარათის საშუალებით მიიღეს. როგორც იცით, ხვნის სამუშაოს 105 კონტრაქტორი კომპანია ასრულებდა და პროცესმა შეფერხებებისა და გართულების გარეშე ჩაიარა", _ ამბობს ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, საგაზაფხულო პერიოდში მიწის მოხვნის სამუშაოები მესტიაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაშია დარჩენილი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებამდე შესრულდება:
"მესტიაში დარჩენილია 50 ჰექტარი, ნინოწმინდაში _ 200 ჰექტარი, ახალქალაქში კი, 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები გურიის რეგიონში. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ხშირი წვიმები იყო, ამის გამო სამუშაოები ცოტა შეფერხდა, თუმცა, დამატებითი ტექნიკის დახმარებით, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში გადავიყვანეთ, აგროვადებში ჩავეტიეთ და პრობლემა არ ყოფილა. მოსახლეობას ჰქონდა პრეტენზიები, თუმცა, იმის გამო, რომ 1 აპრილიდან 18 მაისამდე, წვიმების გამო მხოლოდ 6 დღე გვქონდა სამუშაოდ, ხვნის პროცესი ცოტა შეფერხდა", _ ამბობს ჩხაიძე.
მისივე თქმით, საშემოდგომო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისიდან გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ხვნის ბარათი გამოუყენებელი აქვს, შეუძლია, საკუთარი ნაკვეთები დახნას:
"ველოდებით, რომ კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში შემოდგომაზეც აქტიურად გავაგრძელოთ ხვნის პროცესი. შარშან, იმერეთში, ზესტაფონსა და ბაღდათის რაიონებშიც იყო მოთხოვნა, რომ საშემოდგომო სამუშაოები შეგვესრულებინა. წელსაც იქნება, სავარაუდოდ მოთხოვნა, რომ ნაკვეთები შემოდგომაზე დავამუშავოთ. ვვარაუდობთ, რომ საშემოდგომო პერიოდში 20-25 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დავხნათ," _ აღნიშნავს ჩხაიძე.
შპს "მექანიზატორის" დირექტორი ამბობს, მოსახლეობის მხრიდან რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, გურიასა და იმერეთში იყო პრეტენზიები, რომ ტრაქტორები მიწის დასახნავად სოფელში არ შევიდნენ, მოსახლეობას კი მოთესილი ფართობები დაუმუშავებელი დარჩათ.
ჩხაიძე განმარტავს, რომ ხვნის პერიოდების შესახებ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო, ამიტომ კოორდინაცია მოსახლეობასთან მათ უნდა გაეწიათ. რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას, რომ ნაკვეთები დათქმულ დროს არ დაიხნა, მისი თქმით, პროცესს ხელი წვიმიანმა ამინდებმა შეუშალა, რამდენიმე შემთხვევაში კი, თავად მოსახლეობამ თქვა უარი ნაკვეთის დახვნაზე:
"რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა თვითონ მოსახლეობამ გვითხრა უარი ფართობების დახვნაზე. ამბობდნენ, ჯერ არ გვეჩქარება ამის დახვნაო. შემდეგ კი, როცა ტექნიკა გამოვიყვანეთ სოფლებიდან, რამდენიმე დღეში პრეტენზიებით მოგვმართეს, როცა ჩვენ გეტყვით, მაშინ შემოიყვანეთ ტრაქტორებიო. რამდენიმე რეგიონიდან ასევე გვქონდა შეტყობინებები, რომ ხალხს მოთესილი ყანები დაუმუშავებელი დარჩათ. თუმცა, ეს ჩვენი შეფერხების გამო არ მომხდარა. იმის გამო, რომ მოსახლეობასთან კოორდინაცია ზუსტად ვერ გახორციელდა, ხალხმა იმ იმედით, რომ ჩვენი ტრაქტორები ადგილზე მივიდოდნენ ფართობები მოთესეს. მეორე დღეს გაწვიმდა და რამდენიმე დღე ნაკვეთების გამოშრობას დასჭირდა, სანამ ჩვენ მივედით ადგილზე, პრეტენზიებიც წამოვიდა", _ამბობს ჩხაიძე და დასძენს, რომ იმ პირებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მიწებს აუცილებლად დაუმუშავებენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გეგმის მიხედვით განაწილებული სამუშაოები შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის", ფარგლებში, როგორც შარშან, ასევე წელსაც 125-130 ათასი ჰა მიწის ნაკვეთი დამუშავდება.
პროგრამაში მონაწილეობას 800 ათასამდე ფერმერი იღებს, აქედან ხვნის ბარათი 478,074 ფერმერს გადაეცა, ხოლო აგრობარათზე ქულები 286,186 ბენეფიციარს დაერიცხა.
წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ის ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.
ფერმერებს, რომლებსაც 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ, აგრობარათზე 50 ქულა დაერიცხებათ.
0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელები, რომლებიც ამ ნაკვეთებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად იყენებენ, გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.
რაც შეეხება, 0,25 ჰა-დან _ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომლებსაც ნაკვეთებზე გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი აგრობარათზე ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ქულის გადაანგარიშებით დაერიცხებათ.
რაც შეეხება ბარათის მოქმედების ვადებს, როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ბენეფიციარებს მისი გამოყენება 1 დეკემბრამდე ნებისმიერ დროს შეუძლიათ. შესაბამისად, ხვნის პროცესი ამ დრომდე გაგრძელდება. მოსახლეობას კი აქვს საშუალება, თავად აირჩიოს, როდის შეასრულოს სამუშაოები _ საგაზაფხულო, თუ საშემოდგომო პერიოდში.
ცნობისთვის, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოფლებში გამგებლის წარმომადგენელს ან სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე" (032)2470101.
"მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა", რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, 2013 წელს დაიწყო. წელს კი, სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. პროგრამის" ბიუჯეტი 2013 წელს 195 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს _ 90 მილიონი, წელს კი, ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.
(R)