ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღის გადაწევის მიზეზები განმარტა.
როგორც გიორგი კვირკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია.
"მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს, თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1-ელი ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, ანალოგური მაუწყებლობის გამორთვა იწყება თბილისიდან, თუმცა ეს იქნება არა 17 ივნისს, არამედ, სავარაუდოდ, 1-ელ ივლისს. "მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად", – აღნიშნა კვირიკაშვილმა.