თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა პირველივე დღიდან გამოკვლეულია და უსაფრთხოა. არც ერთი მათგანი სერიოზულად დაზიანებული არ არის.
მისივე ინფორმაციით, არც ერთ ესტაკადას სერიოზული დაზიანება არ აქვს მიღებული, თუ არ ჩავთვლით პლასტმასის მილებს, რაც მცირე დაზიანებად ითვლება.
ავთანდილ სუდაძემ ბაგებში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე არსებობს პირველადი გადაწყვეტილება, რის შემდეგადაც დაიწყება დეტალური მოკვლევა და გაწმენდითი სამუშაოები.
"ბაგებში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა ყველა უწყებასთან, რომელიც ჩართულია პრობლემის გადაჭრაში. პირველი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და დავიწყებთ დეტალურ გამოკვლევას, სამუშაოების დაგეგმვას, რასაც ძალიან მალე რეაბილიტაციის სამუშაოები მოჰყვება. ასევე განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, რათა სტიქიის განმეორების შემთხვევაში, მსგავსი შედეგები თავიდან იქნას აცილებული", _ განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.