რამდენიმე დღის წინ კალიფორნიის პატარა ქალაქ უესტ-ჰოლივუდის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლითაც მთლიანად იკრძალება ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ნაწარმის გაყიდვა. ცხოველთა დამცველები მხურვალედ მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და იმუქრებიან, რომ ასეთი კანონის მიღებას სხვა ქალაქებშიც მიაღწევენ.
ადგილობრივი ბიზნესმენები კი სერიოზულ ზარალს ელოდებიან. ქალაქში, რომლის მოსახლეობა 35 ათას ადამიანს შეადგენს, 200 მაღაზია მუშაობს და მათ შორის ნახევარი სწორედ იმ საქონლით ვაჭრობს, რომელიც ნატურალური ბეწვისგან არის დამზადებული. ვარაუდობენ, რომ ჯამურმა დანაკარგმა, შეიძლება, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შეადგინოს.
კანონი ძალაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევა. ამ დრომდე ქალაქის ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს კანონის დამრღვევთა შესაბამისი სასჯელი. ზუსტადაა ცნობილი, რომ ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ ცხვრის ტყავისა და ბეწვისგან დამზადებულ ნაწარმს შეეხება.
„უჩვეულო ცვლილება“ მოხდა ამ დღეებში თვით ქალაქ ლოს-ანჯელესის კანონმდებლობაშიც – მიიღეს კანონი, რომელიც ძაღლებს უკრძალავს, იყეფონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ ნორმის დარღვევისთვის ძაღლის პატრონებს ყოველი ზედმეტი წუთისთვის 1 000-დოლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. კანონში ცვლილება შინაური ცხოველების ყოლაზე მას შემდეგ შეიტანეს, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ჰერი ლეონარდმა, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა მეზობლის ძაღლის ყეფა, საჩივარი შეიტანა ცხოველთა კონტროლის სამსახურში.
ახლა, ძაღლების ყეფაზე საჩივრის შემოტანის შემდეგ, ქალაქის მაკონტროლებელი სამსახურების თანამშრომლები იძულებულები იქნებიან, განსაზღვრონ ძაღლის ყეფის ხანგრძლივობა და ამის მიხედვით დააჯარიმონ კანონის დამრღვევნი.