თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყნეთში ჩამოწოლილი მეწყერიდან გამომდინარე საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუაცია, არ შესულა.
"ჩვენთან რაიმე სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე გადაუდებელი ღონისძიება და მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო, არ შემოსულა.
როცა საუბარია იმაზე, რომ ერთდროულად მოდის წყლის დიდი მასა, როცა პანიკური სიტუაცია იქმნება და როცა ყველა ერთდროულად რეკავს ერთი და იგივე ტელეფონზე, კოორდინაციის პრობლემა, როგორც წესი, დგება ხოლმე.
20 წუთის ინტერვალით წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების გამოსვლა სახლიდან" _ განაცხადა ნარმანიამ "არჩევანის" ეთერში.
თბილისის მერი ჟურნალისტის კითხვამაც გააღიზიანა. გიორგი გაბუნიას კითხვას _ რატომ არ მოხდა რეაგირება მაშინ როცა მეწყერი, 13 ივნისს, 22:00 საათზე ჩამოწვა, ახალდაბა დააზიანა და იქიდან წამოსული მასა ჩავიდა ვერეს ხეობაში დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ნარმანიამ ასე უპასუხა:
"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა მეწყერი ჩამოწვა და 1400 მეტრის დონიდან არის წყლის ვარდნა, ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილამდე მოვიდეს წყლის დიდი მასა? გაქვთ საერთოდ წარმოდგენა ასეთ რამესთან დაკავშირებით, როცა კითხვას სვამთ? თუ უბრალოდ ვიღაცამ მოგიმზადათ ასეთი კითხვები რომ დაგესვათ ჩემთვის.
ქალაქის მერის მტკიცებით, ხელისუფლება ასეთ სტიქიას არ ელოდა და შესაბამისად, მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დროულად ვერ მოხერხდა.