მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" გუშინ სტუდენტებისა და ახალგაზრდების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებსა და საბურთალოს ხაზის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის ამსახველი ვიდეორგოლი გავრცელდა სოცილურ ქსელში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სურს, გამოეხმაუროს სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მომხდარი ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და საბურთალოს ხაზის უფროსს შორის.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურში ღონისძიების გამართვამდე, შეხვდნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ განუმარტეს, რომ მსგავსი სახის ნებისმიერი აქციის გამართვა ეწინააღმდეგება თბილისის მეტროპოლიტენის ექსპლუატაციის წესებს და ხელს უშლის მგზავრების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.
განმარტების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა მაინც ჩაატარეს სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო კონცერტი და ისედაც გადატვირთულ მეტროპოლიტენში კიდევ უფრო მეტად შეაფერხეს მოქალაქეების გადაადგილება მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს აქციის ძირითად მესიჯს – დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას და თავადაც, როგორც თბილისის მერიის საქვეუწყებო ორგანიზაცია, ჩართულია როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე მხარდაჭერის აქციებში, მოუწოდებს ახალგაზრდებს, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების გასამართად შეარჩიონ სხვა ადგილმდებარეობა ან გაითვალისწინონ კომპანიის მოთხოვნა."