სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ახალდაბაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცა.
სამინისტროს თანამშრომლებმა ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები და ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები გადასცეს.
სოფელ ახალდაბის მოსახლეობა ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამინისტროს ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად წყნეთი-ახალდაბის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნენ. მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საშიშროების გამო, მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთი ვერტმფრენით ჩაიტანეს.
„მოგეხსენებათ, ახალდაბისკენ გზა ჩაკეტილია. მოსახლეობას ვერტმფრენით ჩავუტანეთ ჰიგიენური საშუალებები, სურსათი და სასმელი წყალი. ახლდაბიდან ვერტმფრენით ჩამოვიყვანეთ რამდენიმე მოსახლე, რომელიც დედაქალაქში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა მას მერე, რაც მეწყერმა ახალდაბა გარესამყაროს მოსწყვიტა. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, მიმდინარეობს გზის შეკეთება და ვფიქრობთ, სულ მალე კომუნიკაცია აღდგება და სოფელში უკვე ტექნიკა შევა სამუშაოდ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დროულად მოხდეს, გაიწმინდოს გზები, მოხდეს შენობების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდით დგომა და დახმარება, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ – დაკარგეს ოჯახის წევრები, დაშავდნენ და უსახლკაროდ დარჩნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით.