ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს, _ ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"სამ მილიონამდე ევრო სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით გამოიყოფა", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.
"აღნიშნული თანხა დაეხმარება საქართველოს "წითელ ჯვარს" და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალებულებს დახმარებას აწვდიან, მათ შორის საკვებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა თეთრეული და სამზარეულო აღჭურვილობა, ასევე წყალს, ჰიგიენის საშუალებებს და სამედიცინო დახმარებას" , _ აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისრის კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება იმ არაერთ ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.