საგარეო საქმეთა სამინისტროში თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებულ თანადგომას გამოეხმაურნენ.
საგანგებო ბრიფინგი სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჩაატარა. მან საზოგადოებას ასევე გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში გაიხსენა სპეციალური ანგარიში სადადაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დამატებითი გადასახადების გარეშე სურვილის შემთხვევაში ფინანსურად დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს.
_ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
თავდაპირველად მინდა მოგახსენოთ იმ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის შესახებ, რასაც ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ წყდება თანადგომისა და მხარდაჭერის წერილების შემოსვლა. აგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები – პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, ცალკეული პოლიტიკოსები.
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები, ჩვენი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ასევე იღებენ მხარდაჭერისა და თანადგომის ზარებს, _ განაცხადა კერესელიძემ.
მისივე ინფორმაციით უკვე შემოვიდა წერილები აზერბაიჯანის პრეზიდენტიდან, ესტონეთის პრეზიდენტიდან, ბელარუსის პრეზიდენტიდან, ბელარუსის პარლამენტიდან, თურქეთის პრეზიდენტიდან, ლიტვის პრეზიდენტიდან, პოლონეთის პრეზიდენტიდან, სომხეთის პრეზიდენტიდან, ტაჯიკეთის პრეზიდენტიდან, უკრაინის პრეზიდენტიდან, ყაზახეთის პრეზიდენტიდან, ლატვიის პრემიერ-მინისტრიდან, საუდის არაბეთის პრინციდან, სომხეთის პრემიერ-მინისტრიდან, ჩინეთის პრემიერ-მინისტრიდან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანიდან.
საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი, ნატოს-გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, კრიზისის მართვისა და ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შემოსულია ბრაზილიის მთავრობის სამძიმარი, ჩინეთის მთავრობის სამძიმარი, ირლანდიის მთავრობის სამძიმარი. ,
თბილისის სტიქიას ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები, ასევე გერმანიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს.
"ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები უთანაგრძნობენ და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას. ასევე გამოხატავენ მზადყოფნას დაგვეხმარონ ამ მძიმე ჟამს.
მინდა საგრეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის, ასვე მოსახლეობის სახელით მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას ამ მხარდაჭერისთვის.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები. ჩვენ მუდმივად ვაწვდით მათ ინფორმაციას იმ საჭიროებების შესახებ, რაც აუცილებელია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, და ისინი რა თქმა უნდა ადგილსამყოფელ ქვეყნებში მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდებთან, არასამთავრობო სექტორთან და ინდივიდუალურ პირებთან, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს დახმარების მობილიზება.
ასვე ძალზედ აქტიურობს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ. ჩვენს თანამემამულეებს ბუნებრივია სურთ დახმარების ხელი გაუწოდონ დაზარალებულებს.
ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ფინანსური დახმარების განხორციელება, საქართველოს საელჩოებში გაიხსნება სპეციალური ანგარიშები.
თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა სახაზინო ანგარიში, სადაც შესაძლებელია თანხების ჩარიცხვა. თუმცა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სავალუტო ტრანზაქციის საფასური საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენს თანამემამულეებს იმისათვის, რომ თავიდან ავარიდოთ გარკვეული ბიუროკრატიული გართულებები, ვთავაზობთ ამ მოქნილ მექანიზმს. ინფორმაცია საელჩოებში გახსნილი ანგარიშების თაობაზე განთავსდება სამინისტროს, ასევე საელჩოების ვებ-გვერდზე და ასევე თანამემამულეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საელჩოების ცხელი ხაზის მეშვეობით.
საელჩოები არიან მუდმივ კოორდინაციაში დიასპორის ორგანიზაციებთან. მათ აქვთ მითითება, რომ შეხვდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ რათა მათ შეძლონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანა.
ასევე მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში, საქართველოს მეგობრები გამოდიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვის ინიციატივით, რაც ასევე მოემსახურება სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. მინდა დიდი ,მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის." _ აღნიშნა კერესელიძემ.