სვანეთის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი ხანდაზმული ქალბატონი ნუნუ შამანაურია. ის, როგორც დაზარალებული, იმყოფებოდა ვაკის რაიონის გამგეობაში და დაგვთანხმდა „გურია ნიუსის“ ობიექტივის წინაშე მოეთხრო იმ უმძიმესი წუთების შესახებ, რომლის გადატანა მოუხდა სტიქიის ღამეს.
„სვანეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. სამსახურიდან გვიან მოვედი და დაღლილი დასაძინებლად დავწექი. რაღაც უცნაურმა ხმამ გამაღვიძა, სახურავზე წყლის ძლიერად დასხმის ხმას წააგავდა. ავდექი და საწოლიდან პირდაპირ წელამდე წყალში აღმოვჩნდი. არც შუქი იყო. ხელის ფათურით, ძლივს მივედი კარებამდე. კარის გაღებისთანავე წყლის ნაკადმა კედელს მიმანარცხა. დიდი წვალებით მოვახრეხე გარეთ გასვლა. ჩამტვრეულ ფანჯარაზე ავფორთხდი და ისე მოვახერხე სახლის სახურავზე ასვლა. ვიჯექი იქ და ვყვიროდი, მაგრამ არავინ იყო ირგვლივ, ვინც ჩემს ყვირილს გაიგონებდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიჯექი ასე. მესმოდა ბავშვების ყვირილიც, მაგრამ სიბნელის გამო ვერავის ვხედავდი. მერე მაშველები შემოცურდნენ ნავით, ორი მაშველი იყო და მათი დახმარებით მოვახერხე ნავში გადასვლა. მოპირდაპირე მხარეს ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი მშობლებს ტირილით ეძახდა. ეს ბავშვებიც გადმოიყვანეს ნავში და ასე ერთად გაგვიყვანეს სამშვიდობოს.“ -ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს აღეწერს ხანშიშესული ქალბატონი.
ნუნუ შამანაურმა თავის ნაქირავებ ოთახში რაც გააჩნდა, ყველაფერი დაკარგა. მისი პირადი ნივთები, ახლადაღებული ხელფასი – 500 ლარი, საბუთები, ტანსაცმელი – ყველაფერი მოვარდნილმა წყალმა წაიღო.
„აქ იმიტომ მოვედი, რომ დახმარება ვითხოვო. 500 ლარი მქონდა კარადაში, ორ დღეში სესხი უნდა შემეტანა. ვეღარ მოვასწარი იმ ფულის აღება, ვერც საბუთების გამოტანა მოვასწარი. ვიყავი ბანკში, მოვითხოვე სესხის გადავადება. მითხრეს, რომ დამეხმარებოდნენ. აღარაფერი შემრჩა, აღარც ტანსაცმელი, აღარც ქვეშაგებელი… ჩემმა შვილმა მომაკითხა და თავის სახლში წამიყვანა. ღამით კოშმარულ სიზმრებს ვხედავ და ყვირილით ვიღვიძებ.“
დაზარალებულთა დახმარების საკოორდინაციო საბჭოს მოხალისეებმა ნუნუ შამანაურს აუცილებელი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტანსაცმელი გადასცეს. სხვა სახის დახმარებას ის მას შემდეგ მიიღებს, როცა რეგისტრაციას გაივლის ვაკის გამგეობაში და დადგინდება, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მას.