შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მტაცებელი ცხოველი, რომელმაც ერთი ადამიანის იმსხვერპლა, აგრესიული იყო, ამიტომ სპეცრაზმს მისი მოკვლა მოუხდა.
"მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. მოვედით, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. გვინდოდა ვეფხვის დაძინება, თუმცა აგრესიული იყო და სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია მოხდა. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული – ზოგი მკვდარი ნახეს, ზოგი – დამხრჩვალი, ზოგის, სამწუხაროდ, ლიკვიდაცია მოგვიხდა. გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი", _ განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, ინფორმაციამ რომ ყველა მტაცებელი მკვდარი ან დაჭერილი იყო, ზოოპარკის ადმინისტრაციისგან ჰქონდათ.
"ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსა და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. აღმოჩნდა, რომ საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს", _ აღნიშნა გომელაურმა.