საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს დაავალა, მოსახლეობას მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ, _ მთავრობის მეთაურმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი, რის გამოც, თავს ძალიან შეწუხებულად გრძნობს.
„საგანგებო შტაბის მერ მომზადებულ ანგარიშში, ორი დღის წინ მე გავიმეორე ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იყო შტაბის მიერ. საგანგებო შტაბი, თავის მხრივ დაეყრდნო ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის თანახმად, მტაცებელი ცხოველები ქალაქში აღარ იმყოფებოდნენ და მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავს ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ და მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაციის წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია და დირექტორი, რომელმაც არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს და შსს-ს, რომ ცხოველები გარეთ აღარ იმყიფებოდნენ", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რა ინფორმაციას გაავრცელებს ზოოპარკის დირექტორი, ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რამდენი ცხოველია გარდაცვლილი და რამდენი – ნაპოვნი. პრემიერმა საგანგებო შტაბის წევრებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, ზოოპარკის დირექტორს ცხოველების აღრიცხვაში დაეხმარონ.
„ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი, მტაცებელი თუ სხვა, არის დამხრჩვალი, ლიკვიდირებული ან ნაპოვნი, არ გაავრცელოთ ინფორმაცია. მოსახლეობა კიდევ ერთხელ უნდა გავაფრთხილოთ, რომ რაღაც საფრთხე არსებობს. ეს არის ჩვენი ვალდებულება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს მოსთხოვა, განემარტა, როგორ მოხვდა ანგარიშში ინფორმაცია, რომლის თანახმად, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ქალაქში აღარ იმყოფებოდა.
ჯანელიძის თქმით, ეს ინფორმაცია შტაბმა პირველად 15 ივნისს მიიღო, თუმცა გადამოწმებამდე არ გაუვრცელებია. ცნობა გადამოწმდა, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციასთან, ისე _ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მომხდარს პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს, რათა დადგინდეს ობიექტური სიმართლე, გამოირიცხოს ნებისმიერი კითხვა და სპეკულაცია.
მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა, პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომხდარზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპზე ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც პროკურატურას საშუალებას მისცემს, ობიექტურად დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.