ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება. თითქმის ყველა ეზოში შევხვდებით ვენახსა თუ მიწის ნაკვეთზე მომუშავე გლეხს. ჩვენ ერთ-ერთ მათგანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებ 75 წლის გიზო ვაჩეიშვილთან შევჩერდით. ბატონი გიზო სოფელში განთქმულია თავისი მეურნეობით.
_ სოფელმა და მეურნეობამ დასვენება არ იცის და ჩვენც შევუდექით საგაზაფხულო სამუშაოებს. ამინდიც, ჯერჯერობით, ხელს გვიწყობს და უმუშევარი რა გააჩერებს კაცს?! ჩვენთან, საქართველოში, სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურა ვაზია და ჩემი მეურნეობის დიდ ნაწილსაც ვენახი შეადგენს. ჩვენს ეზოში პირველად 1922 წელს დარგო ვაზი ბაბუაჩემმა, 1975 წლიდან მე განვაახლე და უკვე 30 წელზე მეტია, ვუვლი. ძირითადად, ორი ჯიშის ვაზი მაქვს _ ცოლიკაური და “ადესა” მაღლარი (ტალავერი). მომყავს სიმინდი, ახლახან დავიწყე თხილის გაშენება.
_ ძირითადად რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ პერიოდში?
_ ძირითადი სამუშაოებია: საყანე მიწის ნაკვეთის დასუფთავება, ღობის შეკეთება, მაღლარი ადესას გაშენება-გასხვლა, თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიწყებ ცოლიკაურის გასხვლას, ვაზის ძირის შემობარვა, ნერგთა შორის მიწის გაფხვიერება არის საჭირო ამ პერიოდში, ჭიგოების გამაგრება. ამ დროს ხდება ორგანული სასუქების შეტანა ვენახში, თხილისთვისაც საჭიროა ახლა სასუქის _ ფოსფორის მიწოდება და თხილის ძირების შემობარვა.
_ რთულია, უძღვებოდე ასეთ მეურნეობას?
_ რთულია, მაგრამ მიჩვეული ვარ უკვე, შრომაზე მეტად მინერალური სასუქების და ვენახისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატების სიძვირე უფრო გვიჭირს.
_ მეურნეობის გაფართოებას თუ გეგმავთ?
_ მეურნეობის გაფართოებას არ ვაპირებ. ჩემი ასაკის კაცისთვის ძნელია ეგ. მთავარია, რაც მაქვს, მისი მოვლა-პატრონობა შევძლო.