საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ.
როგორც ხადური ამბობს, ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, სახლების მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი გამოყოს.
"ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმორიცხოს. ჩვენ, მთავრობა და თბილისის მერია კი მიწას გამოვყოფთ, სადაც მშენებლობები განხორციელდება", _ განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დონორებსა და ცალკეულ ქვეყნებთან, რომ საქართველომ მიიღოს როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება.
"ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. გერმანულ მხარესთან, შვეიცარიელებთან, შვედებთან, თურქებთან იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად თბილისში არსებულ ვითარებას", _ განაცხადა ხადურმა.