მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე მონადირეებმა თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს.
ამ ადგილებში სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ.
როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.
"ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი", _ განაცხადა მონადირემ.