განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა სარფის საკონტოროლო გამშვებ პუნქტზე, სადაც თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორ მოქალაქეს დიდი რაოდენობით ნივთირება _ ცეზიუმი და წითელი ვერცხლისწყალი ჩამოართვეს. ნივთიერება ცეზიუმი ატომურ მრეწველობაში გამოიყენება და ჩამორთმეული ნივთიერების საბაზრო ფასი 2 მილიონ 500 ათასი დოლარია.
ინფორმაციას ამის შესახებ უკვე ავრცელებენ თურქული მედიასაშუალებები. რომლებიც აღნიშნავენ, რომ მინის კოლბებში, ვერცხლისწყალთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ძვირფასი ქვებიც გადაჰქონდათ.
ინტერნეტ პორტალ www.milliyet.com.tr-ის ცნობით, ამოღებული ნივთიერება სასწრაფოდ შეისწავლეს თურქეთის ატომური ენერგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა და განაცხადეს, რომ მისი გამოყენება ატომურ მრეწველობაში შეიძლება.
ამ დროისთვის, ამოღებული ნივთიერებები სპეციალურ საცავებშია გადატანილი. საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე კი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდნენ, დაკავებულები არიან.
ამ ეტაპზე არ ვრცელდება საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ვინაობაც. შემთხვევა გუშინ მოხდა და თურქულ მხარეს ინფორმაცია ქართული მხარისთვისაც კი არ მიუწოდებია.
ინფორმაციის მომზადების დროს გამოყენებულია www.milliyet.com.tr-ის მასალა.