დღეს 17 საათსა და 20 წუთისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც ადგილზე გავარკვიეთ, დღეს ბაღში რამდენიმე მომსახურე პერსონალს შორის დაპირისპირება მოხდა და სასწრაფოს გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.
თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას მაჩხვარეთის ბაღში ადგილი რამდენიმე დღის წინაც ქონდა და მაშინ ადგილზე სიტუაციის განსამუხტად სააღმზრდელო ცენტრის ხლმძღვანელი დავით წულაძე და ცენტრალური ზონის კურატორი გვანცა ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, მაჩხვარეთის ბაღში რამდენიმე თვის წინ გაურკვეველი შტატით აყვანილ თანამშრომელს ძველ თანამშრომლებთან კონფლიქტი მოუვიდა. ცნობისთვის, ახალი კადრი მანამდე ლაშისღელის საბავშვო ბაღში დაასაქმეს, თუმცა იქედან მყისიერად მოუწია წამოსვლა. ჩვენი წყაროს ცნობით, ამ შემთხვევაშიც მიზეზი თანამშრომლებთან დაპირისპირება იყო.
ჩვენ სიტუაციაში გარკვევა ადგილზე ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ, კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. ფაქტია იყო, რომ თანამშრომლები ბაღის გამგეს დალი მუსერიძეს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ამის ნიშნად ხელწერებსაც აგროვებდნენ. რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ კონფლიქტის სამიზნე სწორედ ბაღის გამგის თანამდებობაა. ბოლო ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე ცენტრის რიგ პასუხისმგებელ პირებს სხვა პიროვნების დანიშვნა სურთ და საბაბს ეძებენ მუსერიძის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად.
მომხდართან დაკავშირებით აღშფოთებას ვერ მალავდნენ ბავშვების წასაყვანად მოსული მშობლებიც: -"როგორ შეიძლება ბავშვების თვალწინ ასეთი წიოკი და აყალ-მაყალი, ამდენი ხანია ამ საბავშვო ბაღში დაგვყავს შვილები და მსგავსი არაფერი გვინახავს. კარგი კოლექტივია, შესანიშნავი ხელმძღვანელი ყავს და ვიღაც-ვიღაცეების ახირებებს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ასე?"
სააღმზრდელო ცენტრის უფროსი დავით წულაძე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და მას სამსახურში ვეწვიეთ სიტუაციაში უკეთ გასარკვევად. წულაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა კაბინეტის დატოვება მოგვთხოვა. როცა კითხვების დასმა მაინც გავაგრძელეთ, თავად დატოვა კაბინეტი დემონსტრაციულად.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ დავკავშირებოდით საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ია ჩხაიძეს, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.