"გურია ნიუსს" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ( "მოზარდთან, რომელსაც სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა ფსიქოლოგი მუშაობს" ), სადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახის შესახებ არის მოთხრობილი, ამავე სტიქიისას დაზარალებულის ახლო ნათესავი გამოეხმაურა.
როგორც სვანიძის ქუჩაზე დაღუპული ნანა ეგიაზაროვა-ფილიშვილის რძალი გულნაზ კირთაძე ამბობს, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მნიშვნელოვანი დახმარება არ მიუღიათ, ხოლო ვინც დახმარება მიიღო, მისთვის გაურკვეველია, რა ნიშნით შეარჩიეს.
როგორც გულნაზ კირთაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, სტიქიისას დაღუპული ნანა ეგიაზაროვას შვილი და მეუღლე ამ დრომდე მის სახლში ცხოვრობს, თუმცა, 11 წლის ნიკა ფილიშვილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
ცნობისთვის, ნიკა ფილიშვილი და მიხეილ შაჰბაზიანი (მოზარდი, რომელმაც დღეს დახმარება მიიღო) დეიდაშვილები არიან. ორივე მათგანს დედები სტიქიისას დაეღუპათ. ნიკა და მიხეილი სტიქიამდე ერთ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, რიგითი მოქალაქის, გოჩა თათანაშვილის სურვილით დახმარება მხოლოდ ერთმა მოზარდმა, მიხეილ შაჰბაზიანმა მიიღო. მას თათანაშვილმა ტექნიკა და ფულადი საჩუქრები პირადად გადასცა. ინფორმაცია, რომელიც "გურია ნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნულია, რომ დასახმარებლად ეს მოზარდი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შეირჩა.
"როგორც გავიგე სტიქიით დაზარალებულ მიხეილს შაჰბაზიანს, რომელსაც სტიქიისას დედა დაეღუპა, დაეხმარნენ, თუმცა, ჩვენ ნიკასთვის მსგავსი დახმარება არ მიგვიღია. როგორ დავიჯერო, რომ მიხეილმა არ თქვა, 11 წლის პატარა დეიდაშვილი მყავსო? ან არავის გამოუთქვამს სურვილი რომ ამ ბავშვსაც უნდა დაეხმარონ? სახლი მე თვითონაც არ მაქვს, მაგრამ მიცვალებული მაინც შევიკედლე, სანამ დავასაფლავებდით. მიხეილის დედა და ჩემი რძალი ჩემმა ოჯახმა დაკრძალა; სადაც მივდიოდით აღრიცხვაზე მიხეილს და ნიკოლოზს ერთად ვაფიქსირებდით, რადგან სტიქიამდე ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მაინტერესებს, მიშიკოს რომ დაეხმარნენ, ჩემს მაზლისშვილს რაიმე სახის დახმარება არ უნდა?!", _ ამბობს კირთაძე.
მისივე თქმით, დაზარალებული მაზლი და დაობლებული მაზლისშვილი მასთან სახლში დროებით შეიფარა, თუმცა, თვითონაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ამიტომ სახელმწიფოს დროულად დახმარების თხოვნით მიმართავს.
როგორც კირთაძე ამბობს, ამ დრომდე მასთან არავინ მისულა და ალტერნატიული ფართი მისი მაზლისთვის არ შეუთავაზებიათ.
მისივე თქმით, დედის დაკარგვის შემდეგ 11 წლის ნიკოლოზი დათრგუნულია და მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
"ბავშვი სახლში მყავს, არსად წამიყვანია. ფსიქოლოგი მას არ ეხმარება და არც არანაირი საშუალება არ მაქვს ფსიქოლოგთან მე მივიყვანო. ქირით ვცხოვრობ, საკუთარი სახლი არ მაქვს და ჩემი მაზლი და მაზლისშვილი მაინც შევიკედლე. თვითონაც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარ, ისეთი დაავადება მაქვს, მუდმივად წამლები მესაჭიროება. არანაირი ფინანსური საშუალება არა მაქვს, დედადაკარგულ ბავშვს დავეხმარო; ქირის ფულსაც კი ვერ ვიხდი. მამრაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ჩემთან რომ დარჩნენ საცხოვრებლად არანაირი საშუალება არ მაქვს. 7 სული ერთ პატარა ოთახში ვართ გამოკეტილები", _ ამბობს კირთაძე.
მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ მთავრობას ოჯახისთვის დახმარება და სხვა ალტერნატიულ ფართში გადაყვანა არ შეუთავაზებია.
"სტიქიის მერე არანაირი შემოთავაზება არსაიდან არ მიგვიღია. ერთადერთი, ვაკე-საბურთალოს გამგეობაში ვიყავით გარდაცვლილის საბუთების გასაკეთებლად და მაშინ ერთჯერადი დახმარება პროდუქტის სახით მოგვცეს. მიხარია 16 წლის მიხეილს რომ დაეხმარნენ, მაგრამ 11 წლის ნიკა არავის გახსენებია. მას ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. სითბოს ნიკა მე ვაძლევ, რადგან ბებია და ბაბუა არ ყავს, აღარც დედა…
თუ მიხეილს ეხმარებიან, ნიკას რატომ არ უნდა დაეხმარონ? ნუთუ არსებობს ქვეყნად ისეთი ადამიანი, ვინც შეიტყო ოჯახის შესახებ, გაიგო რომ არავინ ჰყავთ, სახლ-კარი არ აქვთ და ბავშვი ამოარჩია, 16 წლის მიხეილს დაეხმარა და 11 წლის ნიკას არა", _ ამბობს გულნაზ კირთაძე.
მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ მიხეილი თავის დეიდაშვილს თითქმის არ დაკონტაქტებია, როგორც გულნაზ კირთაძე ამბობს, მიხეილი დედის დასაფლავებაზეც რაიონის გამგებელმა რამდენიმე საათით მიიყვანა.
"ჩვენ მიხეილს საერთოდ ვერ ვუკავშირდებით. ტელეფონი არა აქვს. დედამისის დაკრძალვაზეც, გამგებელმა მოიყვანა და ისევ წაიყვანა. ადრე ერთ სახლში ვცხოვრობდით. არ მინდა, ბავშვებს შორის კავშირი დაიკარგოს, ისედაც ორივე ძლიერი სტრესის ქვეშაა", _ ამბობს კირთაძე და იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან სთხოვს, რომ თავიანთი დახმარება შეძლებისდაგვარად ერთნაირად გადაანაწილონ.
ცნობისთვის, ნანა ეგიაზაროვა-ფილიშვილი და მისი და ჟანა ეგიაზაროვა 13 ივნისის ღამეს, სვანიძის ქუჩაზე დაიღუპნენ.
მათი ოჯახიდან ასევე დაღუპულია, მათი ბიძაშვილები, დები, სვეტლანა და ლიანა ეგიაზაროვები.
იმ პირებს, რომლებსაც 11 წლის ნიკა ფილიშვილის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, "გურია ნიუსი" მზად არის, ოჯახთან დაგაკავშიროთ.