თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისმა კომისიამ ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები განიხილა. თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის შესაძლო აღდგენის შესახებ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტები საკითხზე დეტალურ წინადადებებს მომდევნო კვირაში წერილობით წარმოადგენენ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე არსებული გზის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გზის ჩაკეტვის შემთხვევაში სექტემბერში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს, თუმცა, რა ფორმით აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე გზა, ამას კომისია უახლოეს პოერიოდში გადაწყვეტს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, თბილისის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე გაწმენდილია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მინდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა N13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, ვიდრე არ გვექნება მდინარე ვერეს ხეობაში გზის გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი, მანამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ჩაიკეტება"_ განაცხადა ნარმანიამ.