ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივას “გურია ნიუსის“ ოფისში ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ, უკვე ეხმაურებიან მოქალაქეები და გვთხოვენ, ვაცნობოთ, თუ რა სახის დახმარება და თანადგომა სჭირდება ამ იდეის წარმატებით გახორციელებას.
ბიბლიოთეკისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია წიგნების შეგროვება და ამ საქმეში მოქალაქეებთან ერთად, ჩაერთვებიან გამომცემლები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ დაგვეხმარებით ღია ტიპის თაროებით, მაგიდებით და კომპიუტერული ტექნიკით.
საზოგადოებრივი დარბაზი, რის მოწყობაც აქ 13 ივნისის ტრაგედიამდეც იგეგმებოდა, ასევე, მოიცავდა მედიამუზეუმის მოწყობასაც – რედაქციაში უკვე შეგროვებულია ძალიან ბევრი ძველი ნივთი და მოწყობილობა, ფოტო და დოკუმენტური არქივები, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას ასახავს.
_ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ჩვენ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ამ დარბაზს, რომლის კედელზეც ივლიტა ჯიბუტის და მისი თანატოლების მიერ გაკეთებული წარწერებია, მისი სახელი დაერქმეოდა. გიორგისაც პარალელურად გაუჩნდა ეს ძალიან კარგი იდეა და დარწმუნებული ვარ, ამ იდეის რეალიზება მოხდება.
დარბაზს უკვე სხვა ძირითადი ფუნქცია – საბიბლიოთეკო პროფილი ექნება და ვგეგმავთ ამ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებას. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ივლიტას და ვერეს ტრაგედიის დროს დაღუპული ახალგაზრდების თანატოლებს, მომავალ თაობას, ნებისმიერ მსურველს შეხვედრების, ახალი იდეების გაზიარების, განათლების, გახსნილ სივრცესთან ურთიერთობის, ინფორმაციულ ნაკადებთან წვდომის, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.
განვითარება, გაზსადენს ან ასფალტის საფარს კი არა, პირველ რიგში, კარგ განათლებას, ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობას გულისხმობს და ჩვენი სურვილია, გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა მივცეთ, _ ამბობს მედიასახლ “გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე.