გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების სამუშაოების შესახებ ანგარიში მიაწოდა.
ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ჩართულობა ეფექტური იყო.
"იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ყველაფერი გამოყენებული იყო და შეიარაღებულმა ძალებმა თავისი მაქსიმალური შესაძლებლობა აჩვენეს. ჩვენ შემთხვევის ადგილებზე განკარგულების გამოცემიდან 40 წუთში გავედით. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკის გამოყენებას, ეს სტიქიის ზონებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო. საუბრობდნენ იმაზე, თუ რატომ არ მოხდა ტანკების და სხვა ტექნიკის გამოყენება, თუმცა, იგივე სვანიძის ქუჩაზე ამის განხორციელება შეუძლებელი იყო, ასევე წარმოუდგენელი იყო ვერტმფრენის ჩართულობა", _ განაცხადა კაპანაძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულა. მისი თქმით, შესრულებულ სამუშაოებშია: ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდა, დატბორილი ტერიტორიების გაწმენდა, ინერტული მასალის გატანა-გადაზიდვა, წყლების ამოტუმბვა, შეშის დამზადება, დატბორილი მანქანების ამოყვანა, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და სხვა სამოქალაქო პირების მხარდაჭერა.
ვახტანგ კაპანაძის თქმით, გარკვეული პირები საუბრობდნენ იმაზე, რომ მსხვერპლი გამოიწვია შესაბამისი სამსახურების სტიქიის ზონაში დაგვიანებით მისვლამ, რაც არასწორია. მისი თქმით, დაგვიანებას მსხვერპლი არ გამოუწვევია.