საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო თანამდებობის პირთა დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტურად არ რეაგირებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევშია აღნიშნული, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
5 მაისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამოაქვეყნა ბლოგპოსტი ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ გუბერნატორები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ორმა მოქმედმა გუბერნატორმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსო, ერთი კი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ იყო ჩართული. საუბარია ქვემო ქართლისა და იმერეთის გუბერნატორებზე, რომლებმაც დეკლარაციაში არ მიუთითეს, ერთ შემთხვევაში საკუთარი, ხოლო მეორე შემთხვევაში ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც, ჩვენი შეფასებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს. იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც, ვფიქრობთ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.
როგორც წარსულში, ჩვენს ბლოგპოსტს არც ამჯერად გამოხმაურებია რომელიმე საგამოძიებო უწყება. ამიტომ გადავწყვიტეთ, თავად მიგვემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსათვის, რომლის დებულებაშიც (მუხლი 3, პუნქტები ა, ბ) უწყების ამოცანებს შორის მითითებულია:
"თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება".
იმის დასადგენად, შედიოდა თუ არა ამ და მსგავს ფაქტებზე რეაგირება სააგენტოს კომპეტენციაში და რა ზომების მიღება იგეგემებოდა ასეთ შემთხვევაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოს 2015 წლის 7 მაისს წერილით მიმართა. ამავე წერილით ჩვენ შსს-დან მსგავს ფაქტებზე გასულ წლებში რეაგირების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კვლევაში და შსს-სთვის გაგზავნილ წერილში საუბარი იყო "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონების დარღვევაზე, უწყებიდან პასუხად მიღებულ წერილში მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე, ინფორმაციის განზრახ არმითითებაზეა საუბარი. ანტიკორუფციული სააგენტოს განმარტებით, ჩვენ მიერ მოყვანილ შემთხვევებში არ დადასტურდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის ფაქტი. რაც შეეხება სტატისტიკას, შსს-ს ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოს საქართველოს სსკ-ის 355-ე მუხლით გამოძიება არ დაუწყია.
ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ განხილული შემთხვევა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოაჩენს.
1. არ არსებობს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო
როგორც შსს-მ განგვიმარტა, ჩვენს კვლევასა და შესაბამისად, წერილში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართეს და დასკვნა, რომ სსკ-ის 355-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიტანეს. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ფაქტია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევა, "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონების მოთხოვნების დარღვევაზე მიუთითებს. შსს-ს პასუხიდან ვასკვნით, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევებზე რეაგირებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო საკუთარ მოვალეობად არ განიხილავს. შესაბამისად, უცნობია, რომელ ორგანოს ევალება ამ შემთხვევაში კანონის აღსრულების უზრუნველყოფა და მის დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა.
2. საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს
შსს-დან სტატისტიკასთან დაკავშირებით მიღებული პასუხი, რომ 355-ე მუხლით გამოძიება არ დაწყებულა, იმ ფონზე, როდესაც თუნდაც ჩვენს სხვადასხვა კვლევაში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით ამის საფუძველი არსებობდა (იხილეთ ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლის უკანონოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები; სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების არადეკლარირებული ქონება; ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება; პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესები და სხვა), მიუთითებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემისა და გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე.
3. ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების სისტემა დროულად უნდა შეიქმნას
გუბერნატორების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში არასრულყოფილად მითითებული ინფორმაცია არ შესწორებულა. როგორც საჯარო სამსახურის ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რამდენიმე თვის წინ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით განუმარტა, მათ კანონი ამ ვალდებულებას არ აკისრებს და შესაბამისად, ქონებრივ დეკლარაციაში ცვლილების შეტანის არც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. აღნიშნული ხარვეზი ასევე მოწმობს ქონებრივი დეკლარაციების სისტემის დახვეწისა და მისი მონიტორინგის მექანიზმის დროულად შექმნის აუცილებლობას. ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის სისტემის შექმნა საქართველოს მიერ რამდენიმე ფორმატში (ასოცირების დღის წესრიგი, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმა) აღებული ვალდებულებაა და განხილული შემთხვევა მიუთითებს მისი დროულად და ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობას .
ზემოთ მოყვანილი ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო გზად "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნის მიიჩნევს, რომელიც შეითავსებდა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების ფუნქციას, თანამდებობის პირების მიმართ სანქციების გატარების უფლებამოსილებას და ა.შ. ამგვარი ორგანოს შექმნას ჩვენ მიერ პარლამენტში წარდგენილისაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს. იმედს გამოვთქვამთ, დეკლარაციების არსებულ სისტემაში განხილული ხარვეზები კანონმდებლებს ჩვენი წინადადების მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნებს.