გავრცელებული ინფორმაციით, მაისში, ოზურგეთში, ქვეყნის პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს პრიორიტეტების განხილვისას, ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიხეილ ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოს გარემონტება დაუსახელებია. ირაკლი ღარიბაშვილიც გულისხმიერად მოჰკიდებია საკითხს და იქვე მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისთვის მიუცია კიდეც დავალება, რომ ეს საკითხი შეესწავლა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური საავადმყოფოს წარმომადგენელი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს სათანადო დოკუმენტაციის წარსადგენად.
ფაქტია, რომ საავადმყოფოს საკითხი, წლებია, აქტუალურია და როგორც აქაური მედპერსონალი, ისე პაციენტები ელემენტარული პირობების არარსებობაზე ხმამაღლა საუბარს არ გაურბიან. საავადმყოფოს, რომელიც საზეიმოდ ავთანდილ ჯორბენაძის პრემიერობისას გაიხსნა, დღეისთვის საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სახელმწიფო საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებდა, ბევრში იმედის ნაპერწკალი გააღვივა, თუმცა, ზოგი გაჟღერებულ ინფორმაციას არარეალობად მიიჩნევს და მას აბსურდულსაც კი უწოდებს.
საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს საკრებულოს დეპუტატი ევგენი ჩიჩუა, რომელიც პროფესიით ექიმია და მიხეილ ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოში გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს:
"არაფერი ვიცი, გამგებელს ჰკითხეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან არასდროს უსაუბრია", _ თქვა ჩიჩუამ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.
პრემიერსა და ლანჩხუთის გამგებელს შორის საუბრისას რა გადაწყდა და სამომავლოდ რა გეგმები დაისახა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი თინათინ გოგუაძეც. როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, მის წარმომადგენელს არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენია სამინისტროში და არც სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე ჰქონია ვინმესთან საუბარი:
"ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უკითხავს. არც პრემიერთან საუბრის შესახებ ვიცი რამე. გუბერნატორს გავაცანი ჩვენი პრობლემა და ბატონმა გიამაც, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება აღგვითქვა. სამინისტროდანაც არავის გამოუთხოვია ჩვენგან რაიმე დოკუმენტაცია. პერიოდულად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ვაწვდით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ჩვენი საავადმყოფოს სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელიც და სამინისტრომ ამ ცენტრიდან თუ გამოითხოვა რამე, არ ვიცი", _ თქვა თინათინ გოგუაძემ.
მუნიციპალური საავადმყოფოს შენარჩუნების საკითხისადმი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი საკრებულოს წევრი კახა ასკურავა, რომელიც წლების წინ ოზურგეთის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა და გარკვეული გამოცდილებაც გააჩნია ამ კუთხით:
"მინდა ვისაუბრო საკრებულოს წევრის პოზიციიდან _ ნამდვილად არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ლანჩხუთში ეს საავადმყოფო შენარჩუნდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არარეალურია. როცა ოზურგეთის საავადმყოფოს დირექტორი ვიყავი, ზუსტად ამ პერიოდში მოხდა მისი გადაბარება "მედალფასთვის", რაც მომდინარეობდა იქიდან, რომ სახელმწიფომ გააკეთა ახალი საავადმყოფო "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამის ფარგლებში. თავიდან ბოლომდე ძველი საავადმყოფოს მენეჯმენტი წაიღო "მედალფამ". ამას ჰქონდა, როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური მიზეზები, რაც, უპირველესად, გამოწვეული იყო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულებით, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს აწესებდა. ამ სტანდარტის 1%-საც ვერ აკმაყოფილებდა ოზურგეთის საავადმყოფო.
გადმოვიდეთ ლანჩხუთში, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. მხოლოდ ამ საავადმყოფოს გარემონტება არსებულ პრობლემას ვერ მოხსნის. იქ უნდა შევიდეს თანამედროვე ტიპის აპარატურა და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ბლოკები. მარტო ვიზუალური მხარის მოწესრიგებით პრობლემა არ მოიხსნება. თუ საავადმყოფო დადგენილ სტანდარტებში ვერ ჯდება, მას ლიცენზიას ვერ აძლევენ. მეორე პრობლემა _ როცა არსებობს ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკა, რომელიც ძველს ასჯერ აღემატება ინფრასტრუქტურით, საავადმყოფო კონკურენციას, ელემენტარულად, ვეღარ გაუძლებს ვერც ფინანსურად, ვერც სამედიცინო პერსონალით და ვერც ინფრასტრუქტურით. მესამეც _ თუ ეს საავადმყოფო შენარჩუნდება, ისმის კითხვა _ როგორ უნდა ირჩინოს თავი? ან უნდა დარჩეს მუნიციპალურ საკუთრებაში და მუნიციპალიტეტმა უნდა არჩინოს, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან ბიუჯეტის 90% დოტაციურია. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია მუნიციპალიტეტმა ეს სიმძიმე ზიდოს და ადგილობრივი საავადმყოფო არჩინოს, ანაც სახელმწიფომ წაიღოს, პირდაპირი წესით მისცეს თანხა და არჩინოს საავადმყოფო თავიდან ბოლომდე, რადგან ამ პირობებში, ამ ინფრასტრუქტურით სხვანაირად გამორიცხულია. ამიტომ, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს და საკრებულოს წევრს, მსგავსი წინადადება მიმაჩნია არარეალურად, მეტიც, მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში.
ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საკრებულოს მომდევნო სხდომაზე და მოვიკითხავ, რა კუთხით იძლევა გამგებელი, გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტრო დაპირებას, რომ ლანჩხუთში ძველი საავადმყოფო შენარჩუნდება.
რაც შეეხება გინეკოლოგიურ ბლოკს, ის ნარჩუნდება იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს ლანჩხუთში. თუ ცალკე აპირებენ სამშობიარო ბლოკის შენარჩუნებას არ ვიცი, თუმცა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ "ავერსი" აპირებს ცალკე შენობა ააშენოს გინეკოლოგიური ბლოკისთვის და როცა ალტერნატივა ამ კუთხითაც გაჩნდება, ისიც უბრალო კონკურენციას ვერ გაუძლებს.
2013 წელს გამგეობას ჯანდაცვის სამინისტრომ დაავალა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში წარედგინა პროგრამა, თუ რას ფიქრობდა ადგილობრივ საავადმყოფოზე, რომ შემდეგ იგი ჩართულიყო მუნიციპალურ პროგრამაში. როცა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ეს ამბავი მოიკითხა, საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარესთან, ამირან გიგინეიშვილთან, რომელიც საერთოდ არ იყო საქმის კურსში, გაირკვა, რომ გამგეობას დაავიწყდა სამინისტროსთვის ამ პროგრამის წარდგენა", _ თქვა კახა ასკურავამ.
საინტერესო იყო თავად მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის განმარტება, რომელთანაც დაკავშირება ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. ურუშაძესთან დაკავშირება გამგეობის პრესსამსახურის მეშვეობითაც ვცადეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ გამგებელს თათბირი ჰქონდა.