ახალგაზრდების საყვარელი პოეტის ზურა სალუქვაძის იდეამ ემიგრანტები რამდენიმე დღეში გააერთიანა.
თავად ემიგრანტმა პოეტმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ფეისბუქის საშუალებით ნ მოუწოდა და სწორედ მისი დამსახურებით ქართველმა ემიგრანტებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 20 000 დოლარი შეაგროვეს.
როგორც ზურა ამბობს ამ თანხით ერთ-ერთ დაზარალებულს ბინას შეუძენენ:
_ რატომ ბინა? _ შეგახსენებთ, რომ 20 ათასი დოლარი შეგროვდა და არა 20 მილიონი…
ის რომ ყველა დაზარალებულს თანაბრად გაუნაწილო ეს თანხა გამოდის რომ ყველას 80-80 დოლარი ან ნაკლები უნდა მისცე, რაც არაფერს არ ნიშნავს… (დაზარალებულები, დაღუპულების ოჯახები, ძაღლები, ზოოპარკი), _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალუქვაძე.
მისი გვერდიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას უკვე მოელაპარაკენ და დაზარალებულს ბინას სექტემბერში გადასცემენ:
_ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბინას, რომელიც ჩვენ ვნახეთ _ მხოლოდ თეთრი კარკასი ღირს 30 ათასი დოლარი, ანუ მხოლოდ კარკასში ეს კომპანია გვიმატებს 10 ათას დოლარს. ამას პლიუს რემონტი…
ეს ცალკე 5 ათასი დოლარი რომელსაც კომპანია კიდევ გვიმატებს (არაა დიდი კომპანია და ამაზეც ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ), რადგან ბინა არის 50 კვადრატი (ოთახნახევრიანი) …
გამოდის, რომ მრავალშვილიან ოჯახს ვერ დავეხმარებით და აქცენტი უნდა გადავიტანოთ ოჯახზე სადაც არიან 3-4 სული და ყავთ მცირეწლოვანი ბავშვები…
თუ სახელმწიფო მართლა ურიგებს ყველას ბინას, ჩვენ რაა სულელები ხო არ ვართ რომ თავი გამოვიდოთ რომ მაინცდამაინც ბინა უნდა ვუყიდოთ ვინმეს, იქნება უკეთეს ბინას აძლევს და რატომ უნდა დავაკარგვინოთ ეს შესაძლებლობა? … და დრო გვანახებს რას აკეთებს რეალურად მთავრობა.
ხოდა სხვებს რას უშვები და მსგავსი მესიჯებით ნუღა ამიკლებთ გთხოვთ, ისედაც ცუდად ვარ ამდენი ფიქრით რომ რომელია ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება…
თუ მთავრობა ყიდულობს ბინებს მაშინ ეს ფული მივცეთ ყველაზე გაჭირვებულებს, თუ არადა მაშინ, რომელი ჯობია მითხარით 80-80 დოლარი დავურიგოთ ყველას _
ორი დღე ეყოთ თუ ერთ ოჯახს მართლა ბოლომდე მივხედოთ და დანარჩენებს სხვამ, ანუ მთავრობამ, ბიზნესმენებმა, ბიძინამ და ა.შ. მიხედონ?
20 მილიონი რომ გვეშოვა, ვიცი, როგორც მოვიქცეოდით, მაგრამ ამ თანხით ყველას როგორ ვეყოთ? _ წერს ზურა, რომელსაც ემიგრანტები სრულად ეთანხმებიან.
ზურა სალუქვაძის ინფორმაციით შერჩეული ბინა ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს.
_ დღევანდელი დღის ამბები ასეთია…. შევხვდით კომპანიის უფროსობას და გვანახეს კიდეც ბინა. ამ ეტაპზე თეთრი კარკასი ახალ მშენებარე კორპუსში, ხოლო ჩაბარებით სექტემბერში ჩაგვაბარებენ გარემონტებულს.
მხოლოდ გაზგაყვანილობა და ავეჯი იქნება საჭირო (გაზგაყვანილობა დაახლოებით 500 ლარამდე დაჯდება). სამწუხაროდ, ფიზიკურად არ ესწრება დამთავრება სექტემბრამდე.
ბინა არის ნუცუბიძის პლატოზე, ტრანსპორტისთვის ადვილი მისადგომია, არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის, უკან სიმწვანე, წინ სტადიონი და ავტობუსების გაჩერება.
ახლა მაქვს საუბარი ჩემს მეგობრებთან გვერდზე შტატში და ისინიც აგროვებენ თანხას. ალბათ, გავაერთიანებთ ორივე თანხას და ასეთ შემთხვევაში საშუალება გვექნება, რომ ბინა ვუყიდოთ ერთ ოჯახს და რამდენიმე ოჯახს ფულადი კომპენსაციით დავეხმაროთ…
ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას და ფულის გაგზავნას ჯერ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ თბილისიდან და შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა თქვენგანს… გაიხარეთ, ძალა ერთობაშია, _ წერს სალუქვაძე.