სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის მიზნით, თბილიის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დაასრულა.
სპეციალურმა ჯგუფებმა დეტალურად აღწერეს ვერეს ხეობის, სვანიძის ქუჩის, მზიურისა და ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია. აღწერილი ქონება მოქცეული იქნება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, იმსჯელოს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
ინვენტარიზაციის პროცესს წყნეთის ხევში დღეს ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე დაესწრნენ. ლაშა აბაშიძის განცხადებით, ზიანის შეფასების შემდეგ დადგინდება კონკრეტული მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის კომპენსირება.
როგორც კარლო ლაფერაძემ განაცხადა, უძრავი ქონების ინვენტარიზაცია მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, პროცესს ესწრებიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ ოჯახის წევრების რაოდენობას და მათ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები არიან ექპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.