ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებნი შალვა მამალაძე, ნოშრევან ქვეითაია, ბესიკ ბორჩხაძე და გიგა შეშელიძე, უკვე რვა თვეა, ქუთაისში პატიმრობაში იმყოფებიან.
აღნიშნული პირები 8 ოქტომბერს ოზურგეთის პოლიციამ დააპატიმრა. დღეს მათ მიმართ უკვე მესამე სასამართლო პროცესი ჩატარდა.
ერთ-ერთი პატიმრის შალვა მამალაძის დედა ქეთევან ნაკაიძე "გურია ნიუსთან" მოსამართლე მარინა კიკნაძეს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და მის აცილებას რამდენიმე პროცესია ითხოვს.
"სასამართლო პროცესები მიმდინარეობს არასამართლიანად, ვითხოვთ მოსამართლის აცილებას.
შალვა მამალაძე, ნოშრევან ქვეითაია, ბესიკ ბორჩხაძე და გიგა შეშელიძე, უკვე რვა თვეა, დაჭერილები არიან .
პროკურორს შოთა ჩხაიძეს უნდა, რომ ისინი პატიმრობაში დარჩნენ. ადრე საუბარი იყო საპროცესო გარიგებაზე და მზად ვიყავით ამისთვის. ეჭვმიტანილები აღიარებით ჩვენებებს არ იძლეოდნენ, იყენებდნენ დუმილის უფლებას. თუმცა, საპროცესო გარიგება არ შედგა და დაიწყო სასამართლოში არსებითი განხილვები, დღეს იყო მესამე პროცესი.
აშკარაა მოსამართლის ტენდენციურობა, ის მხარს უჭერს პროკურორ შოთა ჩხაიძეს. გამომძიებელი იყო მიშა სიხარულიძე.
"ვითხოვთ მოსამართლე მარინა კიკნაძის აცილებას. ის ყველაფერზე ეთანხმება პროკურორს.", _ ამბობს "გურია ნიუსთან" ქეთევან ნაკაიძე და აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი მის შვილს რამდენიმე თვის წინ დაემუქრა კიდეც:
“ჩემი შვილი იმ ოზურგეთელების სიაში იყო, რომლებსაც პოლიცია საქართველოს დატოვებას სთხოვდა. მაშინ დაემუქრა პოლიციის უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი, თუ არ წახვალ საქართველოდან, არ გაგახარებო.“ – ამბობს ქეთევან ნაკაიძე.
სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული.