ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯაბა კანკავასთან დაკავშირებულ უსიამოვნო ინციდენტის გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მათ უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი გამოიჩინეს. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებთან გამართულ საპასუხო მატჩში ჩვენი ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ქართული მხარის მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომელთაც კანკავა დისკვალიფიცირებული ეგონათ, სინამდვილეში კი ასე არ გახლდათ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.
თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!“ – ამ განცხადებას ლევან კობიაშვილი თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved