2015 წლის 24 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა პეტრას ციხე დაათვალიერეს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს ადგილზე გაეცნენ.
აჭარის მთავრობის შუამდგომლობით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პეტრას ციხე სარგებლობაში გადასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, შესაბამისად, სააგენტოს უფებამოსილება ეძლევა იზრუნოს ძეგლის რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და ეფექტურ მართვაზე.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შემუშავებული აქვს პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ გაკეთდება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები და აჭარის რეგიონს შეემატება ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილი.