ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გამგეობის სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა და ინფორმაციის სახით გააჟღერა, რომ მუნიციპალიტეტის რიგი სამსახურებისთვის, დამატებით, საჭიროა 717 919 ლარი, აქედან: გამგეობის სოციალური პროგრამით ერთჯერადი დახმარებისთვის _ 80 ათასი ლარი, ა(ა)იპ "ტექ-სერვისისთვის" _ 100 ათასი ლარი, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიასთვის" _ 300 ათასი ლარი, "ქალთა ექსპერიმენტული სარაგბო სკოლისთვის" _ 13 ათასი ლარი, "ბავშვთა საფეხბურთო სკოლისთვის" _ 43 ათას 500 ლარი, "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში" დეფიციტის შესავსებად _ 100 ათასი ლარი. ამ ეტაპზე, ასევე, 21 ათასი ლარი ესაჭიროება "ლანჩხუთი-სერვისს", თუმცა, როცა ამ სამსახურს კიდევ ორი ნაგავმზიდი და ურნები დაემატება, სავარაუდოდ, მოთხოვნაც გაიზრდება.
როგორც ლაშხიამ თქვა, ამ ოდენობის თანხის მოთხოვნა წარმოადგინეს სამსახურებმა, რისი შესწავლაც უნდა მოხდეს და დადგინდეს, რა შესაძლებლობები გააჩნია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
ის, რაც როლანდ ლაშხიამ ინფორმაციის სახით გააჟღერა ბიუროს სხდომაზე, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რადგან რიგ დეფიციტურბიუჯეტიან სამსახურებს თანხა რომ წლის ბოლომდე არ მიყვებოდა, ამაზე ლანჩხუთში ოპოზიცია თავიდანვე აკეთებდა აქცენტს.
ბიუროზე გაირკვა, რომ "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას", რომლის ბიუჯეტი 867 ათასი ლარია, 745 ათასი ლარი კი ხელფასებში მიდის (86%), არსებობის გასაგრძელებლად დამატებით 100 ათასი ლარი ესაჭიროება.
სამსახური გამგებლის გადაწყვეტილებითა და საკრებულოს თანხმობით, ექვსი სუბიექტის შერწყმით შეიქმნა, აქედან ერთი _ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრი", საერთოდ გაუქმდა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომით, ის ზედმეტი ადმინისტრაციული რგოლი იყო ზედმეტი ხარჯებით და მისი ბიუჯეტი განსაკარგავად ახალ სამსახურს გადაეცა. მაშინ, გამგეობის მიერ მომზადებული რეორგანიზაციის პაკეტი, რომელიც განსახილველად საკრებულოში შევიდა, ძირითადად, ორი პუნქტისაგან შედგებოდა: პროექტის მიღების მიზეზი, მიზანი და არსი და პროექტის ფინანსური დასაბუთება.
პირველ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ა(ა)ი პ-ებს გააჩნიათ ადმინისტრაცია, ბიუჯეტი და ცალ-ცალკე ახორციელებენ შესყიდვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობა მიიჩნევს, რომ ერთი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მათგანის გაერთიანება უფრო ეფექტურს გახდის დარგის მართვას, ასევე, ხელს შეუწყობს საერთო მიზნების გახორციელებას ნაკლები ფინანსური რესურსის ხარჯვის პირობებში. რაც შეეხება ფინანსურ დასაბუთებას, რომ "პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას", მცდარი აღმოჩნდა. კულტურაში გახორციელებულ რეორგანიზაციას, მხოლოდ "კულტურული მემკვიდრეობის" გაუქმება და მისი ოთხი თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა, რომელთა ხელფასი 320-340 ლარი იყო. სამაგიეროდ, შეიქმნა ერთი დიდი ადმინისტრაციული რგოლი, სადაც მინიმალური ხელფასი 550 ლარია, გაერთიანებაში მოხვედრილმა დანარჩენმა სუბიექტებმა კი სრულად შეინარჩუნეს საშტატო განრიგი.
რეორგანიზაცია გახორციელდა "ტექ-სერვისსა" და "ლანჩხუთის სერვისშიც", რომელთაც ამ ეტაპზე დამატებით თანხები ესაჭიროებათ. ეს სამსახურები, გამგებლის გადაწყვეტილებით, ერთმანეთს შეერწყა, გარკვეული ფუნქციები გადანაწილდა და ისევ ორი, სახეცვლილი სამსახური ჩამოყალიბდა. მართალია, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელს რეორგანიზაციაზე თანხმობის მისაღებად საკრებულოში არ შესულა წინადადებით, თუმცა, ის გასახორციელებელ ცვლილებებს ბიუჯეტში თანხის დაზოგვით ხსნიდა. არადა, რეალურად ორივე სამსახური დამატებით ითხოვს თანხებს.
ფინანსური დეფიციტი აქვს "ქალთა ექსპერიმენტულ სარაგბო ცენტრსაც", რომლის ბიუჯეტიც 31 500 ლარია, მარტო ხელფასი კი 45 600 ლარს შეადგენს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "ბავშვთა საფეხბურთო სკოლის" არსებული ბიუჯეტი, რომელსაც დამატებით 43 500 ლარის მოთხოვნა აქვს წარდგენილი გამგეობაში, 130 ათას ლარს ითვლის, აქედან ჩვენი ინფორმაციით, ხელფასებში კი _ 107 ათასი ლარია საჭირო.
უცნობია, დამატებითი თანხის მოთხოვნით, გამგეობას მიმართა თუ არა სპორტულმა ცენტრმა, რომლის ბიუჯეტი 340 ათასი ლარია და აქედან, 265 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის. ეს მაშინ, როცა ცენტრს უამრავი ღონისძიება აქვს ჩასატარებელი სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
დამატებითი ხარჯებისთვის, ფაქტობრივად, თანხა არ აქვს "საგარეო, ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრს", რომლის ბიუჯეტის 97% სახელფასოა _ 130 ათასი ლარიდან ხელფასებზე 127 ათასი ლარია საჭირო.
მძიმე ფინანსური კრიზისი უდგას საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიასაც", რომელიც, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დამატებით 300 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს. საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტი წლის დასაწყისისთვის მილიონ 70 ათასი იყო, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდგომარეობით, თანხა ამოწურულია და გუნდის სამომავლო არსებობაც ეჭვქვეშ დგას.