გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნით, დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ზღვებში, ოკეანეებსა და მდინარეებში თევზი მთლიანად გაქრეს.
ამ შემთხვევაში, მილიარდ ადამიანზე მეტი საკვების გარეშე დარჩება, თევზჭერის სფეროს კი, რომელიც პლანეტის მოსახლეობის 8 პროცენტისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, კოლაფსი ელის.
ექსპერტების დასკვნით, მსოფლიო უკვე მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგაც თევზის პოპულაციები ვეღარ აღდგება.
გაერო ამზადებს გლობალურ მოხსენებას – "მწვანე ეკონომიკას", რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს დედამიწის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადასარჩენად აუცილებელ მოქმედებათა გეგმას შესთავაზებს.
მოხსენება საჯარო განხილვის საგანი მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახდება, თუმცა, გაერო მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს უკვე ამზადებს ეკოლოგთა შემაშფოთებელი დასკვნების მისაღებად.
გაეროს მოხსენებაში, თევზჭერის გარდა, ისეთ სფეროებზე იქნება საუბარი, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ქალაქები, ხე-ტყე, მრეწველობა, ენერგიის განახლებადი წყაროები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ნაგავი და წყალი. მოხსენების შექმნაში მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები, ექსპერტები და ინსტიტუტები მონაწილეობენ.