_ ვარდების ცქერას რა სჯობს? მუდამ შრომის განწყობას გიქმნის, ცუდზე აღარ ფიქრობ კაცი და სიკვდილიც გავიწყდება! ესაა საოცრება _ ვარდების ფერთა და ჯიშთა მრავალნაირობას ხომ საზღვრები არ აქვს! _ გვეუბნება ვარდების ტრფიალი მამაკაცი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი დურმიშხან ნაკაიძე და გვთხოვს კი არა, ლამის გვეხვეწება, რომ ყველა ადამიანს, ნებისმიერ ფერმერს ვურჩიოთ, სხვადასხვა ხეხილოვნის პლანტაციის ფართობში თუ სადმე ადგილი დარჩათ, ყველგან ყვავილები დარგონ!
მის ეზოში, ჭიშკრიდან საკმაო მანძილით დაშორებული სახლისკენ, ვაზის ტალავერი მაღლარი ფორმითაა გასწორხაზოვნებული. ტალავერს ვარდების ჯგუფური მწკრივი მიუყვება და ეს ვაზისა და ვარდების ერთგვარი ტანდემი, ვიდრე ბატონი დურმიშხანი საუბარს დაიწყებდეს, უკვე აჩვენებს, რომ შრომის ხარისხის და ესთეტიკის მაღალი მგრძნობელობა აქვს ჩვენს მასპინძელს.
დურმიშხან ნაკაიძე წლების მანძილზე ურეკში პანსიონატ "მაგნეტიტს" ხელმძღვანელობდა. როგორც თვითონ ამბობს, ვარდების და მთელი საყვავილეთის სიყვარული მეუღლემ _ ოლღა თოიძემ შეაგრძნობინა, ვაზის სიყვარულით შთაგონება კი მშობლებისგან მოდგამს. ალკოჰოლის ჭარბად მიღება არასოდეს ჰყვარებია, თუმცა, ვენახის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.
მისი ოჯახი დღესაც 15 ტონამდე ციტრუსს, ასევე კივს, ფეიხოას თუ თხილს კრეფს, მაგრამ შრომის შთამაგონებელ ძალად მაინც ვარდების გირლიანდებს მიიჩნევს. ყველანაირი ყვავილის მოშენება ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა პანსიონატს ხელმძღვანელობდა. დასასვენებელი სახლის ეზოშიც ისეთივე გულისხმიერებით რგავდა ვარდ-ყვავილებს, როგორც საკუთარ კარმიდამოში. როცა ბევრი ადამიანი ვარდებზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცის შრომას ხედავდნენ, თავადაც მოჰქონდათ ნაირ-ნაირი ნერგები.
_ მაშინდელ დროს ბევრი კარგი მოვლენა ახლდა _ მშრომელი ადამიანები უფასოდაც ისვენებდნენ. უხაროდათ პანსიონატის მშვენიერი გარემო და ბევრს იმდენნაირი ყვავილი მოჰქონდა საჩუქრად, ვერ დათვლიდი. მეც ვრგავდი და ვალამაზებდი ირგვლივ ყველაფერს. სხვა ბევრი უფრო საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმე მქონდა, მაგრამ ვარდების ღალატს როგორ დავუშვებდი? _ გვეუბნება ბატონი დურმიშხანი.
მას შემდეგ, რაც ძველი წყობა დაიშალა, ვარდ-ბაღნარად ქცეულ საკუთარ კარმიდამოში საქმიანობს, თუმცა, გული წყდება, რომ პანსიონატში ძველებურად აღარ ჰყვავის ვარდები. იხსენებს ერთ ეპიზოდსაც, როცა პანსიონატის შესასვლელთან ეწერა: "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია".
_ ჩემთვის ამ ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები უცხო პირი არ იყო. ამიტომ არ ვუშლიდი შემოსვლას. სხდებოდნენ იქ და რომ ხედავდნენ, რას ვაკეთებდი, სწორედ ამიტომ მეხმარებოდნენ. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რაღაცნაირი ჰარმონია იყო, ადამიანებს ერთმანეთისთვის მეტი დრო და მეტი სიყვარული ემეტებოდათ, _ გვეუბნება ჩვენი მასპინძელი და გვიყვება "ჩინური ვარდის" ამბავს, რომელიც მაღალ ბუჩქებად იზრდებოდა მხოლოდ ურეკში და სხვაგან არ რგავდნენ იმ მოტივით, თითქოს, რაღაც ალერგიული და საზიანო თვისებაც ჰქონდა. თუმცა, მერე თვითონაც და ბევრმა სხვამაც საკუთარ ეზოში დარგო ეს მშვენიერი ყვავილი და სილამაზის და სურნელის გარდა, მას არაფერი დაუტყვია გარემოსთვის. უკვირს ისიც, როცა ადამიანები ხშირად ერთმანეთს ყვავილის ნერგებს მხოლოდ იმ მოტივით არ აძლევენ, რომ "ხელს გადაჰყვებაო". არასოდეს ეს არ გაუკეთებია _ პირიქით, ყველას თხოვს, ყვავილები მოამრავლონ საკუთარ ეზოებში. მერე საიდანღაც პატარა ვედრო მოაქვს, შიგ ცოტა წყალს ასხამს და საჩუქრად გამზადებულ ყვავილების ნერგებს ალაგებს, თან დარგვის მისეულ წესებს გვაცნობს _. ყვავილების, განსაკუთრებით ვარდების მოსავლელად ქიმიურ პრეპარატებს ნაკლებად მიმართავს. გვასწავლის, რომ ბუგრებისა და ტკიპების მოსასპობად ძალიან კარგია სარეცხი საპნით ნაზავი წყალი _ როცა კარგად აქაფდება წყალში, აუცილებელი არაა დოზები, დადგამ და საღამო ხანს შეასხურებ. ძალიან კარგი საშუალებაა. თუ სერიოზული საფრთხე დაემუქრა ყვავილებს, მაშინ უკვე ბიოლოგიურ პრეპარატს მიმართავს.
ჩვენი რესპონდენტის ეზო-გარემოში მანდარინის, იაპონური ხურმის, თხილისა და კივის იმდენი პლანტაცია თუ ნარგავია, შესაძლოა, ჩვენს მიერ ვარდებზე გაკეთებული აქცენტი ვინმეს მისი შრომის უგულებელყოფად მოეჩვენოს, მაგრამ ბატონი დურმიშხანი თვითონ მიიჩნევს, რომ ვარდებით აღფრთოვანება მთელი წლის მანძილზე უწყვეტ ენერგიად და განწყობად მიჰყვება, რომელიც შრომის წყურვილს უორმაგებს.
_ დარგეთ და მოეფერეთ ყველანაირ ყვავილს! ყვავილი სიცოცხლის სილამაზესთან ასოცირდება და ზოგჯერ ექიმზე მეტად გკურნავს და გამშვიდებს, დამიჯერეთ, სიკვდილზე აღარ ფიქრობს ადამიანი,_ გვეუბნება და ვარდის დაკალმების მეთოდით გამრავლების ერთ მისეულ ხერხს გვთავაზობს, რომელიც ძალიან ამართლებს.
როგორ გავამრავლოთ ვარდი დაკალმებით:
ერთ ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი (გნებავთ, მინისაც) ავავსოთ წყლით და მასში ჩავდოთ ვარდზე აჭრილი კალამი. ეს კალამი ბოთლს გარეთაც იმავე სიგრძის უნდა დარჩეს, რაც შიგ არის. შემდეგ ბოთლი ჩავფლათ მიწაში, გარეთ დარჩენილი კალმის ნაწილის ნახევარიც კარგად დავმალოთ მიწაში, მომდევნო ნახევარი კი მიწის ზემოთ დავტოვოთ. ნიადაგი კარგად შემზადებული უნდა იყოს. მომდევნო წელს ასე დაკალმებული ვარდი უკვე გადასარგავი იქნება. ვიდრე გახარებულ ნერგს ბოთლის თავთან ჩავჭრით, არ საჭიროებს მორწყვას, რადგან მიწიდან მას უფრო გეგმაზომიერად მიეწოდება წყალი, ვიდრე ჩვენეული მორწყვის მეთოდით.