კალიების შემოსევის გამო რუსეთის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ორენბურგის ოლქში, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა დასახმარებლად ოპერატიული შტაბი შეიქმნა. მინდვრებს ავიაციის მეშვეობით ამუშავებენ შხამ-ქიმიკატებით. დღეისთვის მხოლოდ ამ რეგიონში, 200 ათას ჰექტარ ფართობზე განადგურებულია მოსავალი.
საშიში მავნებლის სამიზნე რუსეთის კიდევ ორი რეგიონი- ასტრახანი და ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკა გახდნენ.
რუსული სააგენტოს "ტვ ცენტრის" ინფორმაციით, "მზე კალიების ღრუბლებითაა დაფარული, ხოლო ავტომობილები ძლივს ახერხებენ მოძრაობას მწერების სქელ ფენებს შორის. კალიამ ასტრახანში დაიპყრო ყველაფერი: ცა, მინდვრები, გზები."
კალია პლნეტის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მავნებელია. მწერებს შეუძლიათ რამოდენიმე ასეულ კილომეტრზე მიგრაცია, ამ გზაზე მავნებელი ანადგურებს ყველაფერს, რაც მწვანე ფერისაა.
მწერების მასიურმა შემოსევამ, საბოლოო ჯამში შეიძლება საყოველთაო შიმშილობის საფრთხე გამოიწვიოს. ამის გამო რუსეთის ამ რეგიონებში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ხოლო ასტრახანში მწერებთან ბრძოლაში ავიაციაა ჩართული.
მისი დახმარებით, რეგიონში ქიმიურად დაამუშავეს 5 ათასი ჰექტარი ნაკვეთი, რაც დაზიანებული ტერიტორიის მხოლოდ მეექვსედია.
მძიმე მდგომარეობაა ორენბურგშიც, სადაც მავნებელმა 200 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დააზიანა. სამუშაოებში ადგილობრივი გლეხებიც მონაწილეობენ, მაგრამ ადამიანური რესურსი არასაკმარისია.
სირთულეს ქმნის ისიც, რომ კალიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ერთი მდედრი კალია 2 ათასზე მეტ კვერცხს დებს. მათ სამფლობელოებად ხშირად იქცევა მიტოვებული, გაველურებული ტერიტორიები, რომელთა დამუშავებაზე მფლობელებმა უარი თქვეს.