ჰოლანდიური ორგანიზაცია "Mars One" კოლონიის დასასახლებლად მოხალისეებს აგროვებს. პროგრამა რეალითი შოუს ფორმატში წარიმართება. წარმატებულ კანდიდატებს წითელ პლანეტაზე 2023 წელს გაუშვებენ, ოღონდ, ერთი პირობით – ისინი დედამიწაზე აღარ დაბრუნდებიან.
მსურველებს უახლოეს დროში აიყვანენ. ზუსტი თარიღი უცნობია. განცხადებები მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე მიიება.
"ჩვენ მილიონამდე განაცხადს ველოდებით წუთიანი რგოლებით, რომლებშიც კანდიდატები საკუთარ თავზე ისაუბრებენ. ზოგიერთი მათგანის ნახვას ყველა შეძლებს", – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ბაზ ლანდსდორპი. ასტრონავტობის სურვილი უკვე 45 ათასმა ჰოლანდიელმა გამოთქვა, 10 ათასი ადამიანი კი პროექტს მთელი მსოფლიოდან გამოეხმაურა. აუცილებელია, რომ კანდიდატები 18 წელზე მეტი ასაკის ჯანმრთელი ახალგაზრდები იყვნენ. უპირატესობა მიენიჭებათ სამეცნიერო-ტექნიკური განათლების მქონე პირებს.
კომპანია აგვისტოს დასაწყისისთვის შესარჩევ ტურს დაასრულებს და 24 ბედნიერი მომზადებას დაიწყებს, რაც 7 წელი გაგრძელდება. "ჩვენ მათ ექვს გუნდად დავყოფთ, თითოეული კი 3 თვის განმავლობაში იცხოვრებს ისეთ დროებით დასახლებაში, როგორიც მათ მარსზე უნდა ააგონ. პირობებიც იმის მსგავსი იქნება, რაც მათ წითელ პლანეტაზე ელოდებათ. ჩვენ მონაწილეებს ყველაზე სტრესულ სიტუაციებს მოვუწყობთ", – განაცხადა ლანდსდორპმა. მისი თქმით, ასტრონავტებს რეგულარულად მოუწევთ, გამოავლინონ დამოუკიდებლობა და მოსაზრებულობა. სიგნალი დედამიწიდან მარსის თანამგზავრამდე არც ისე სწრაფად – 3-დან 22 წუთამდე პერიოდში აღწევს.
"ბილეთი ერთი მიმართულებით" – ეს არის ყველაზე მთავარი სიძნელე, რომელიც მომავალ მარსელებს ემუქრებათ. "ისინი შინ ვერ დაბრუნდებიან, რაც განპირობებულია იმით, რომ მარსამდე ფრენა შვიდ-რვა თვეს გაგრძელდება. ამ დროში კოსმოსური აპარატის მგზავრები კუნთებისა და ძვლების მნიშვნელოვან მასას დაკარგავენ; შემდეგ აღმოჩნდებიან მარსზე, რომლის გრავიტაციული ველი მრავალჯერ ჩამორჩება დედამიწას, რაც, ასევე, აისახება მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შოუს მონაწილეები, უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ, თავიდან შეეგუონ დედამიწის გრავიტაციას“.