მხარის გუბერნატორის ვალერიან ჩიტაიშვილის ინიციატივითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალის ყველა თანამშრომელთან გაფორმებული 11-თვიანი შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა _ ახალი სასწავლო წლიდან თანამშრომლებს გაუფორმდებათ 12-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. ხელისუფლების თქმით, შესაბამისად, ცენტრის ფილიალებში დასაქმებული მოქალაქეები ხელფასს წლის განმავლობაში უწყვეტად მიიღებენ.
ასევე, გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და ფილიალების ყველა თანამშრომელი 2012 წლიდან დაზღვევის ახალ პაკეტს მიიღებს, რომლის საფასურსაც სრულად მუნიციპალიტეტის საკრებულო დაფარავს. დაზღვევის პაკეტში შედის გეგმიური, ჰოსპიტალური მომსახურების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების, გადაუდებელი ჰოსპიტლური (სტაციონალური) მომსხაურების და სხვადასხვა სახის 100%-იანი დაზღვევა. ასევე გათვალისწინებული იქნება მშობიარობისა და სტომატოლოგიის დაზღვევა თანადაფინანსებით.
_ მხარის რწმუნებულის ინიციატივა და საკრებულოს მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანისთვის და ფილიალების თანამშრომლებისთვის სტიმული და მოტივაცია იქნება სამომავლოდ ეფექტური და შედეგიანი მუშაობისთვის, შემდგომში კი პრობლემების ძირეული აღმოფხვრისთვის, _ ამბობს ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია.