გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული დევნილების 88.3% სურს, თავის წარმოშობის ადგილს დაუბრუნდეს, თუ ამის შესაძლებლობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დამოკიდებულებისა და მოსაზრებების კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 2 001 იძულებით გადაადგილებული პირი გამოიკითხა. რესპონდენტებს შეკითხვები სამი ძირითადი გრძელვადიანი გადაწყვეტილების არჩევანთან დაკავშირებით დაუსვეს: 1. ნებაყოფლობითი დაბრუნება: მდგრადი და ნებაყოფლობითი დაბრუნება დევნილობამდე საცხოვრებელ ადგილას; 2. ინტეგრაცია: მდგრადი ადგილობრივი ინტეგრაცია იმ ადგილებში, სადაც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავშესაფარი მოიპოვეს; 3. ახალ ადგილას განსახლება: მდგრადი ინტეგრაცია ქვეყნის სხვა ნაწილში.
გამოკითხულთა 88.3%-ს სურს, დაუბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილს, თუ ამის შესაძლებლობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ. 2.6%-მა აღნიშნა, რომ მზად არიან ნებაყოფლობით დაბრუნდნენ არსებული გარემოებების პირობებშიც. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილის მთავარ მიზეზებად ემოციური კავშირი, ქონება და ნათესავებისა და მეგობრების საფლავების მონახულება დასახელდა.
რესპონდენტების უმრავლესობა (57.3%) თავს სრულიად ინტეგრირებულად გრძნობს იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მესამედი (33.3%) თავს ნაწილობრივ ინტეგრირებულად გრძნობს, ხოლო 8.3% ფიქრობს, რომ არ არის ინტეგრირებული. თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებში ინტეგრაციის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე სოფლად მცხოვრებთა შორის აღინიშნება. როგორც წესი, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ქალაქებში უფრო მეტი ხელშეწყობა აქვს, ვიდრე სოფლებში.
დევნილების თქმით, სრული ინტეგრაცია შესაძლებელია, თუ მათ პირველ რიგში ექნებათ შემოსავლის წყარო (46.3%), კარგ მდგომარეობაში მყოფი სახლი/ბინა (20.4%), სამედიცინო მომსახურება (10.7%). ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ პირთა თანახმად წარმოადგენს დევნილობამდე საცხოვრებელ ადგილას მყოფი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების და ნაცნობების მონახულების საშუალების არქონა.
საყურადღებოა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ნახევარს (50.9%) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთრებაში არ გააჩნია სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი. იძულებით გადაადგილებულ 57.1% არ სურს ამჟამინდელი საცხოვრებელიდან ახალ ადგილას განსახლება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ ვისაც სურს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, დიდ ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებს. თბილისში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სხვა ადგილზე გადასვლის ყველაზე ნაკლები სურვილი გამოთქვეს.