"არ ვიცი, რატომ, მაგრამ მიმდინარე თვიდან სოციალური დახმარება შემიწყდა, აქამდე ჩვეულებრივ ვიღებდი, შესაბამისი ქულაც ქონდა ოჯახს მინიჭებული. არავინ მოსულა ჩვენთან გადამოწმებაზე"-მსგავსი შინაარსის განცხადებით არაერთი მოქალაქე მოგვმართავს ლანჩხუთში.
იმაში გასარკვევად, თუ რატომ შეწყდა მოქალაქეების ნაწილზე სოციალური დახმარების გაცემა, სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელს მაკა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით, რომლის ინფორმაციითაც, პროცესი დროებითია და მალე სრული დატვირთვით ამოქმედდება. მისი თქმით, პირველი ივლისიდან ძალაშია ახალი რეგულაციები და აქედან გამომდინარე ეტაპობრივად ხდება სოციალურ ბაზაში აღრიცხული ოჯახების გადამოწმება.
"პირველი ივლისიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, შეიცვალა დეკლარაციის ფორმაც. დღეისთვის ლანჩხუთში სოციალურ ბაზაში აღიცხულია და დახმარებას იღებს 1900 ოჯახი და ეტაპობრივად მოხდება თითოეული ოჯახის გადამოწმდება. ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს პერიოდში სოფლებშიც გავალთ. გადასამოწმებელი ოჯახების სიებსა და გრაფიკს უშუალოდ ცენტრალური აპარატი გვაწვდის.
ამ კუთხით სიახლეა ისიც, რომ ოჯახს დეკლარაციის შევსებამდე სოციალური აგენტის მიერ წინასწარ ეძლევა საინფორმაციო ფურცელი, რომლის საშუალებითაც წინასწარ გაეცნობიან რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ სოციალური დახმარება დაენიშნოს. საინფორმაციო ფურცლის გაცნობის შემდეგ, ისინი უკეთ გაერკვევიან თუ რაზე აწერენ ხელს და შემდგომ აღარავის ექნება პრეტენზია. ამასთან პირად პასუხისმგებლობასაც მეტად იგრძნობენ.
სიახლეა სარეიტინგო ქულების მინიჭების მხრივაც.
კერძოდ ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია, მიიღებს 60 ლარს ოჯახის ყველა წევრზე.
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა 30001 მეტია, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, მიიღებს 50 ლარს ყველა წევრზე.
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა 57001 მეტია, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე, მიიღებს 40 ლარს ყველა წევრზე.
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 მეტია, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე- მიიღებს 30 ლარს ყველა წევრზე.
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე“- განაცხადა მაკა გოგიჩაიშვილმა.
სოციალური სააგენტოს ცნობით, ოჯახის მიერ დეკლარირებული ინფორმაცია აუცილებლად ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას ავტომატურად კარგავს.
დეკლარაციის შემვსები ოჯახი ვალდებულია დემოგრაფიული ცვლილების შესახებ (ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახის წევრის დამატება ან გასვლა, მისამართის ცვლილება, შემოსავლის კლება ან მატება, უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენა, სახელმწიფო საზღვრების სამ თვეზე მეტი ვადით გადაკვეთა) ერთი თვის ვადაში შეატყობინოს შესაბამის სააგენტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ოჯახს ეკრძალება განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური სააგენტო დაადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღება ყალბი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, კანონის სრული დაცვით, ოჯახს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს.
როგორც ირკვევა, ახალი რეგულაცების ამოქმედების შემდეგ სოციალური შემწეობის დანიშვნისას ყურადღება აღარ ექცევა ოჯახში არსებულ სხვადასხვა ტექნიკას, გარდა ავტომობილისა, რომლის შენახვაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა რაოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობს ოჯახი, რომელიც სოციალურ სააგენტოს შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს.
ყოველივე აქედან გამომდინარე მაკა გოგოიჩაიშვილი ბენეფიციარ ოჯახებს თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ ის სავალდებულო პირობები, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერაა დაწესებული და დეკლარაციის შევსებისას მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიაწოდონ სოცაგენტს, რომ შემდგომ გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი.