საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის ურნა გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები შავი ზღვის კერძოდ, ურეკის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო-საკურორტო ზოლებსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. ორი ნაგავმზიდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადაეცა, ხოლო ერთი კურორტ ბახმაროს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა.
მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინცაძე, შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიის" დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. დასუფთავების ახალი მანქანები საკურორტო ზონებიდან მყარ ნარჩენებს დღეში 3-ჯერ გაიტანს.
,,"გურიას 5 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და ნარჩენების შესაგროვებელი 500 ერთეული რკინის ურნა გადმოეცა, რომელიც შავი ზღვის სანაპირო-საკურორტო ზოლს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ზღვის სანაპიროს გამწმენდ სპეციალურ მანქანას ველოდებით. ამით, ის უმძიმესი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ამ სანაპიროზე იყო, გადაწყვეტილი იქნება. ნაგავსაყრელი ძალიან მალე გაუქმდება და სხვაგან გადაინაცვლებს; ეს ტერიტორია ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იქნება "’- განაცხადა გია სალუქვაძემ.