საქართველოს მთავარი პროკურატურის სპიკერის, კოკა კაციტაძის განცხადებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში.
როგორც კაციტაძემ დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიჟარაძეებისთვის ნავთობპროდუქტებისთვის გადატვირთვის კომპანიებში წილების ჩამორთმევის პროცესში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული და არ არის გამორიცხული სხვა პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისგების საკითხიც დადგეს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, სხვადასხვა უწყებებს შორის მოიაზრება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, რომლის წარმომადგენლებიც მარაბდის ქუჩაძე თამაზ ნიჟარაძეს სახლთან უთვალთვალებდნენ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ კეზერაშვილის მითითებით, რომ დაეთმო მისი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის წილები.
კითხვაზე – ხომ არ არის მოსალოდნელი ამ საქმეში ვანო მერაბიშვილის პასუხისგების საკითხის დაყენება, კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
"თუკი იქნება საკმარისი მტკიცებულებები, შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგების საკითხი", _ განაცხადა კაციტაძემ.
რაც შეეხება ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების საკითხს, კაციტაძემ განმარტა, რომ ამის ერთადერთ მექანიზმად რჩება სასამართლო, ხოლო კომპანიებიდან, რომელიც პროკურატურის განცხადებით, კეზერაშვილმა მუქარისა და ზეწოლის შედეგად ჩამოართვა ნიჟარაძეებს, ამ ეტაპზე სხვის საკუთრებაშია.
კერძოდ, მისი თქმით, მას შემდეგ რაც კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე კომპანიების წილები გადაფორმდა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე, მოხდა მისი გაყიდვა, ერთადერთ მექანიზმად კი ქონების დაბრუნების კუთხით სასამართლო რჩება.
როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეში ვერ დაასახელებს დაზარალებული ნიჟარაძეების გარდა სხვა მოწმეებს. თუმცა კოკა კაციტაძის ინფორმაციით, მუქარას, რომელსაც გამოძიების მტკიცებით კეზერაშვილი ნიჟარაძეებზე ახორციელებდა, ჰყავს თვითმხილველი, ასევე გამოძიების ფარგლებში დაკითხულები არიან შუამავლები კეზერაშვილსა და ნიჟარაძეებს შორის.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.