ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. "კაპროვანის" მიწის ნაკვეთებზე დავა, ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.
როგორც დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს, ერთერთმა პიროვნებამ, როლანდ ჯანელიძემ რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთლიანად მიითვისა, რის საწინააღმდეგოდაც 28 მესაკუთრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ნატანებისა და ვაკიჯვრის თემს წარმოადგენს.
დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრული იქნა ორი სარჩელი და თითოეულმა სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ასევე რამდენჯერმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეთა წარმოების შედეგად ყველა სახის სამართალწარმოება მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ დამთავრდა.
2012 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა შეწყვიტა და დაზარალებული მოსახლეობა გაამართლა.
2012 წელს უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიწები ეკუთვნოდა ხალხს, ოფიციალურად დაუბრუნდათ კიდეც და მიეცათ საშუალება, რომ ამ მიწებით ესარგებლათ, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და მიწებიც დაიკანონეს.
დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრა და მოითხოვა 68 მესაკუთრეზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა.
სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ მოითხოვა, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემული მიწის ნაკვეთებზე ამ ადამიანების საკუთრების უფლების გაუქმება და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.
სასარჩელო მოთხოვნა ასეთია: "ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა ის გადაწყვეტყილება, რომლითაც განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია".
ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 მარტს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება წარედგინა, რომელიც ეხებოდა ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარში (კაპროვანი) მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი # 262106617) რეგისტრირებული უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.
" მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში (ე.წ. კაპროვანი) მდებარე უძრავი ნივთზე, დაუზუსტებელი ფართით 205200 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 29.08.10 წლიდან, ხოლო ჯერ 10.05 04 წლიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გახლდათ ოზურგეთის რაიონის გამგეობის საკუთრება და მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 49 წლიანი ვადით იჯარის უფლებით, მოიჯარე – როლანდ ჯანელიძე"_აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე საუბარია 2012 წლის 5 მარტის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:
"გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის # 05607029 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ.ლაღიძის 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით გახდა ცნობილი, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ.
მართალია შეწყდა გამოძიება ოზურგეთის რაიონის ვაკიჯვარის თემის სოფელ ფამფალეთის აგრარული რეფორმის კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე, თუმცა გამოძიების პროცესში ცალსახად იქნა დადგენილი, რომ კომისიის წევრების მიერ ვითომდა მოქალაქეებზე კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა ზღვისპირა ზოლში, ე.წ. კაპროვანის ტერიტორიაზე ფამფალეთის კუთვნილი ტერიტორიების დანაწილება.
"აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინა სადავო რეგისტრაციები, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციებით უსაფუძვლოდ შეილახა სახელმწიფო საკუთრების უფლება ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში მდებარე უძრავ ნივთზე."
ნუგზარ სარჯველაძე, ერთ-ერთი იმ დაზარალებულთაგანია, ვისაც დღეს სასამართლოში მიწის ნაკვეთს ედავებიან:
"2006 წელს დაიწყო მიწის რეფორმა, სოფლის ფამფალეთის მოსახლოებას მოუწია მიწები და მათ შორის ვიყავი მეც. გაგავჩნდა დოკუმენტაცია მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით და ხელწერით, ასევე მიღება ჩაბარების აქტებით. გვქონდა მიწები, ზოგს 300 კვადრატული, ზოგს ორასი, ზოგს ოთხასი, უბრალოდ იმ პერიოდში არ კეთდებოდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ჩვენს მიწებზე წავაწყდით წინააღმდეგობას. იქ დაგვხდა მამა -შვილი ჯანელიძეები, მათ ფერმა ჰქონდათ იჯარით. აღმოჩნდა რომ 36 კაცის ნაკვეთი ამ ჯანელიძეებს ჰქონდათ შემოღობილი და გვიმტკიცებდა ჩემიაო. ჩვენ ვუთხარით -როგორააა თქვენი, აგერ საბუთი გვაქვს, ყველანაირი დოკუმენტაცია გაგვაჩნია, მაგრამ არ დათმო"_ამბობს სარჯველაძე და სასამართლო პროცესების შესახებ საუბრობს:
"ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, სასამართლო დავა 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვებრძოდა ჯანელიძე, რომელიც ჩანდა რეალურად, თუმცა მის უკან იდგნენ გავლენიანი პიროვნებები. ეჭვი გვაქვს, რომ ეს იყო პროკურატურა. აშკარად იკვეთებოდა პროკურატურის ინტერესები, მაშინ პროკურორი იყო ილია ჯალაღანია, რომელიც დღეს დაწინაურებულია.
სასამართლოს ყოველთვის ესწრებოდა ორი, ჩვენთვის უცნობი პიროვნება. ისინი შემოდიოდნენ ჩვენთან პოლემიკაში, გვექადნებოდნენ, მაინც ვერ გაიტანთ თქვენსასო. თუმცა არ ვიცით ვინ იყვნენ. როცა სასამართლო პროცესი დამთავრდებოდა, მიდიოდნენ პროკურატურაში ჯანელიძესთან ერთად და იქ განიხილებოდა ეს თემები" _ამბობს დაზარალებული ნუგზარ სარჯველაძე და აღნიშნავს, რომ როლანდ ჯანელიძის შვილი უშიშროებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
"შვილი მუშაობდა კუდ-ში, იყო დაახლოებული მაშინდელ პროკურატურასთან, მოგეხსენათ მაშინდელი უშიშროება რასაც აკეთებდა. ახლა ის ბიჭი ციხეში ზის.
სხვათაშორის, ამ საქმეს გადააყოლეს პატიოსანი მოსამართლე ირაკლი შავაძე. იცოდა რომ ცამდე მართლები ვიყავით, გვეუბნებოდა კიდეც, მაგრამ რა ექნა? მაშინ სასამართლო რასაც წარმოადგენდა, ყველამ კარგად ვიცით. იყო პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ.
ბოლოს 2012 წელს უზენაესმა სასამართლომ გაგვამართლა. ჩატარდა ორი ექსპერტიზა, დაადგინეს, რომ მიწები გვეკუთვნოდა ჩვენ. ეს მიწები არის ხალხის, ოფიციალურად დაგვიბრუნდა კიდეც და მოგვეცა საშუალება, რომ ამ მიწებით გვესარგებლა. დაგვირეგისტრირა საჯარო რეესტრმა და მიწები არის დაკანონებული!" _ ამბობს ნუგზარ სარჯველაძე და დასძენს, რომ დღესაც იკვეთება მაღალჩინოსნის ინტერესები.
" ეს არის უზენაესი სასამართლოს უგულებელყოფა. ეს არის კონსტიტუციის 21 მუხლის დაღვევა, პირადი ქონების და კერძო საკუთრების ხელყოფა. ხალხი გაგიჟებულია, ამბობენ, რომ მიმართავენ უკიდურესს ზომებს და გადაკეტავენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელს.
როგორ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა, ვიღაცის ინტერესების გამო?" _ ამბობს ნუგზარ სარჯველაძე.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარის მოსახლეობასაც ესაუბრა, რომელთა ნაწილს მიწას ედავებიან.
ედიგული ინწკირველი: "მე რომ ვილაპარაკო, სიმართლე უნდა გითხრა. სიმართლე ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში? სიმართლე არსებობს? ხალხი შვიდი წელია წვალობს. საქმე მოვიგეთ უზენსაეს სასამართლოში. სული მოვითქვით და ახლა ისევ გვართმევენ, გაგვაგებინეთ რა ხდება? ვინ ჰყავს ამ ჯანელიძეებს ისეთი მფარველი, რომ 7 წელი ემსახურა პოლიციამ, პროკურატურამ, სასამართლომ, მთავრობამ."
ანზორი ინწკირველი: "ყველანაირად გვავიწროვებენ, გვედავებიან. უნდათ რომ წაგვართვან და მერე გაყიდონ. სხვა ვერაფერი მოგვიხერხეს, ყველა ინსტანციაში მოგებული გვქონდა სასამართლო, ახლა ეკონომიკის სამინისტროდან დაიწყეს ისევ. ზღვის პირზეა ეს მიწები, მთელი ჩემი ცხოვრება და ბავშვობის პერიოდი ყანა მომქონდა და ახლა გვართმევენ? "
ლილი ინწკირველი: "გადავყვები ამ მიწებს, 83 წლის ქალი ვარ უკვე და შევაკვდები."
გიორგი ინწკირველი: "ამ საქმეს არც პრეზიდენტმა უშველა, არც პრემიერმა, არც დეპუტატებმა. ვიღაცა ზურგს უმაგრებს, ფაქტია. უნდა ჩატარებულიყო ახლა სასამართლო. ვგრძნობდით, რომ ისევ გავმართლდებოდით და ახლა კიდევ გადადეს, რატომ? რას ელოდებიან? რას ვერ წყვეტენ?"
დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მოსახლეობა, ანუ "სამოცდარვა პირი, სასამართლო დავაში დღეს ჩართული იქნა საქმეში მესამე პირად."
"მე ამ დროისათვის ვიცავ 36 პირის უფლებებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დარჩენილთაგან ძალიან ბევრს ამ დროისათვის სასამართთლოში სარჩელის შეტანის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია", -ამბობს ადვოკატი და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პრეტენზიები ამ ხალხის მიმართ უსაფუძვლოა და იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
"სარჩელის შეტანამდე უფრო კარგად უნდა შესწავლილიყო სადაო საკითხი, რადგანაც ასეთი დავების წარმოება სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას კარგს არაფერს არ მოუტანს. მესაკუთრეების განმარტებით, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს სახელით კერძო ინტერესების მქონე პირი იბრძვის, რომელსაც სურს მათი მიწის ნაკვეთების ხელში ჩაგდება. ჩემი აზრით, საქმის მასალების გაცნობისა და მესაკუთრეების ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, ნებისმიერ პირს შეიძლება გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი ასეთი ფაქტის შესახებ" _აღნიშნავს ჩავლეშვილი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 16 ივნისს გაიმართება.