დღეს, ოზურგეთის მუნციიპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ა (ა) ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია ხომერიკი ანსამბლების "ელესას", "იადონის" და მომღერალ-მგალობელთა გუნდის "შემოქმედის" წევრებს შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, ანსამბლები ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, გამგებელმა მხარი დაუჭირა მათ დაფინანსებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, "ელესამ" და "იადონმა" მრავალჯერ ასახელეს, როგორც ოზურგეთი, ისე ჩვენი ქვეყანა.
"მომღერალ-მგალობელთა გუნდი "შემოქმედი" დიდ წარმატებას მიაღწევს და ხშირად გავიგებთ მათ შესახებ კარგ ამბებს. თითოეულ თქვენგანს ძალიან სასიკეთო და წარმატებული საქმე გაქვთ გაკეთებული. მიხარია, რომ თქვენთან ერთად მომიწევს ბევრი ღონისძიებების ჩატარება. მინდა გითხრათ, ფოლკლორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე არსებობს სარეპეტიციო დარბაზის პრობლემა, მაგრამ ამას ძალიან მალე მოვაგვარებთ და სამივე ანსამბლს ექნება ადგილი, სადაც კარგ პირობებში ჩაატარებთ რეპიტიციებს. მანამდე კი, დროებით გამოვყოფთ თქვენთვის ადგილს." _ განაცხადა შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე შეხვედრაზე წინადადებით გამოვიდა.
" პირადად მე გთავაზობთ ერთი წლის განმავლობაში, სარეპეტიციო დარბაზს. ეს ეხება სამივე ანსამბლს და თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შევადგენთ ცხრილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2015 წლისთვის განაცხადები კეთდება ახალი ფესტივალისთვის, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და თანადგომით კეთდება, გელოდებით და მოემზადეთ ამ ფესტივალისთვის". _ თქვა ავთანდილ სურგულაძემ.