საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა EURONEWS-თან ინტერვიუში უკრაინისთვის ოდესის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ოდესა სტრატეგიის თვალსაზრისით საოცრად მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის ასევე საუბედუროდ, რუსეთისთვის. საფრთხე იმაშია, რომ პუტინი პროექტ "ნოვოროსიაში“ ოდესას თავის საკუთრებად განიხილავს. ამიტომ უპირველესად საჭიროა ოდესის მიწის დაცვა და რწმენა, რომ ოდესა არ დაეცემა", _ ამბობს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, თუ რუსეთი ოდესის დაპყრობას შეძლებს, მაშინ უკრაინის გარდა, შავი ზღვის ქვეყნებსაც გაუჭირდებათ.
"ოდესის დაცემის შემთხვევაში უკრაინას და არამარტო უკრაინას, მთელი შავი ზღვის ქვეყნებს და კავკასიასაც ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოდესის დაცვა და განვითარება. ოდესის მაცხოვრებლებს რუსული კულტურა მემკვიდრეობით აქვთ. ეს სიმართლეა, მაგრამ არა ოდესის სუსტი, არამედ ძლიერი მხარეა. ოდესა მნიშვნელოვანია უკრაინისა და რუსეთის ისტორიაში, კულტურაში და ვფიქრობ ამით უნდა ვისარგებლოთ", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია, ოდესაში კრიმინალის დონე მაღალია, ამიტომ აგვისტოდან ახალი პატრული ეყოლებათ და თანამშრომლებს გადაამზადებენ დნეპრისპირეთიდან მომავალ კორუფციასთან საბრძოლველად.
"ოდესა ადამიანებით ვაჭრობის, სხვადასხვა დანაშაულის კერაა. მაგრამ აგვისტოდან ახალი პატრული გვეყოლება ახალი თანამშრომლებით, ისინი გადამზადებას გაივლიან და დნეპრისპირეთის კონტრაბანდაც ასე მოისპობა. რადგან მთელი კონტრაბანდა დნეპრისპირეთიდან მოდის, რომელსაც მოლდოვა არ აკონტროლებს და მთელი ევროპის შავ ხვრელს წარმოადგენს", _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ამ კრიმინალური ბანდების უკან რუსეთი დგას და სწორედ კორუფციაა არის რუსეთის სიძლიერე.
"რა თქმა უნდა, რუსეთის აქ შემოჭრის ძირითადი პოტენციალი კორუფცია და უკანონო საქმიანობაა. მათი რეალური ძალა არის კორუფცია და დანაშაულებრივი კავშირები. მართლაც ყველაზე დიდი კრიმინალური ბანდები, ყველაზე ორგანიზებული დამნაშავე ადამიანები, რომლებიც ვიცით, ბევრი მათგანი შესაძლოა ქართველიცაა, მაგრამ მათ კავშირი, ტრადიციულად, რუსულ მაფიასთან აქვთ. ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს", _ ამბობს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილმა EURONEWS-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, მეიდანზე განვითარებული მოვლენების დროს უკრაინის ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ახლა მათ გამოასწორებენ.
"შესაძლოა, მეიდანზე განვითარებული მოვლენების დროს, ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ახლა ჩვენ გამოვასწორებთ", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რასაც საქართველოში მიაღწია და ეს რეფორმები გახდა იმის მიზეზი, რომ უკრაინაში სამუშაოდ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობას ის არ მოსწონს.
"ვამაყობ იმით, რასაც საქართველოში მივაღწიე. ქართული დაწესებულებები, უმეტესად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის უძლიერესია. საქართველოში მართლაც აშენდა ახალი ქალაქები და ახალმა პეიზაჟებმა ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 60-ჯერ გაზარდა. ამიტომ მომიწვიეს აქ სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მოვწონვარ“, _ აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.